საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის
ინიციატივით, ორი კანონპროექტი - "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის
სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის
შესახებ" და "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ" მომზადდა.
აღნიშნულის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება.
პარლამენტმა "ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი 76
ხმით, ხოლო "რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
85 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
სააგენტოს ინფორმაციით დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების
ფართობი თითქმის 800 000 ჰექტარს შეადგენს და ქვეყნის ტერიტორიის
თითქმის 12%-ია, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 100 000 ჰექტრით
დაცული ტერიტორიების ზრდა.
ნუგზარ ზაზანაშვილი სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება და
ჯამში, 13 ათას ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი
დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის, ნუგზარ ზაზანაშვილის
სახელს უკავშირდება, აღნიშნულია სააგენტოს ფეისბუკგვერდზე.
სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა
ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული
ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც
ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული.
რაჭის დაცულ ტერიტორიებს რაც შეეხება, სააგენტოს
ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894
ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება.
დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის
ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და
ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.
მასალის გამოყენების პირობები