„საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის ვერმიღებით
დაკარგა გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი IPA III,
რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს“.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი
bm.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.
ყოფილი ელჩი სხვა ბენეფიტებზეც მიუთითებს, რომლებიც საქართველომ
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით დაკარგა.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში
საქართველოს გაუჩნდებოდა წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც
სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ.
"1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის
სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ
გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA
III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ
მიმართულებას:
- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება
(კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური
კანდიდატი);
- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ
კანდიდატი);
- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
2. გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტზე არის ასევე მიბმული
ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც
ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KFW,
EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს
მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო
ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით
ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და
ა.შ.
3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის
ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე
გვაქვს როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული
ევროპა).
4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის
სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI)
ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება,
რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი
ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ
პროგრესზე.
ელჩის თქმით, ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული
მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნებოდა
წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.
ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის მოსაზრება და მიანიჭა
კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივა კი
საქართველოს. კანდიდატის სტატუსი მიანიჭება საქართველოსაც "მას
შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს" ევროკომისიის მიერ მითითებულ
პირობებს. საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 მოთხოვნა.
მასალის გამოყენების პირობები