აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ოფიციალურად დახმარების
ახალი პაკეტი წარადგინა.
ბაიდენის თქმით, პაკეტი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო
სისტემების გადაცემასაც მოიცავს.
"მე წარგიდგენთ თავდაცვის ახალ, მნიშვნელოვან პაკეტს, რათა უკრაინის
არმიას დროული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ.
უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც გამოიყო
აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ-ს შეეძლება, გააგრძელოს
უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდება, რომლებსაც ისინი ეფექტურად
იყენებენ რუსული შეტევების მოგერიებისთვის.
ეს ახალი პაკეტი მათ შეაიარაღებს ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე
იარაღით, HIMARS-ისა და მისი საბრძოლო იარაღის ჩათვლით, რათა დაიცვან
საკუთარი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს
ქვეყნების წინ გაძღოლას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისთვის
ისტორიული დახმარების აღმოჩენის გზაზე",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, დახმარების
ახალი, მე-11 პაკეტი $700 მილიონის ღირებულების იქნება.
1 ივნისს ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში
დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს
მიაწვდიდა.
უკრაინაში 99 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე,
მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები