დღეს, ქუთაისის საკრებულომ ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგია
დაამტკიცა.
დოკუმენტი ქალაქში რამდენიმე მიმართულებით განსახორციელებელ
აქტივობებს მოიცავს, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ქალაქის კულტურული
ცხოვრება უნდა განავითარონ და გაამრავალფეროვნონ.
ისტორია, მემკვიდრეობა, ეკომემკვიდრეობა, ტურიზმი, ახალგაზრდობა,
განათლება, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - ეს ის ძირითადი
სფეროებია, რომელსაც ექვსწლიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო
გეგმის დოკუმენტი ეფუძნება.
"ქუთაისის იდენტობის ხელახალი განსაზღვრა და პოპულარიზაცია -
ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე - ქუთაისის ისტორიული,
კულტურული და ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებით. ისტორიაზე და
მემკვიდრეობაზე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ქუთაისის
საზოგადოებისთვის", - წერია დოკუმენტში.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის პაატა ადამაძის
განმარტებით, დოკუმენტის შემუშავებაში 700 - მდე ადამიანი იყო
ჩართული, მათ შორის, იყვნენ ახალგაზრდები, Creative Solution,
სამოქალაქო საზოგადოების და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები.
დასრულებული დოკუმენტი EU4Culture კიდევ ერთ კონკურში მიიღებს
მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში გრანტის სახით ორწლიანი
სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 300 000 ევროს მიიღებს.
"დოკუმენტი გოეთეს ინსტიტუტის ვებ პორტალზე უნდა აიტვირთოს, სადაც
ჩატარდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ
პარტნიორობის ხუთი ქვეყანა. შეფასდება ჩვენი დოკუმენტი და საბოლოოდ,
თითო ქვეყნიდან შეირჩევა ერთი გამარჯვებული", - ამბობს პეტრე
ადამაძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტი გრანტს ვერ მოიპოვებს,
ქალაქს დარჩება კულტურის სტრატეგია და ამის შემდეგ, ადგილობრივი
თვითმმართველობა დაფინანსების წყაროების მოძიებას სხვა დონორებისგან
შეეცდება. ამასთანავე, ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კულტურის
სფეროში ამ კონკრეტული სტრატეგიისთვის 100 ათასი ლარია
განსაზღვრული.
ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის
პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.
მასალის გამოყენების პირობები