არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტელეკომპანია "მთავარი
არხის" გენერალური დირექტორის დაკავებას ეხმაურება.
ორგანიზაციის განცხადებით,
მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული
ქმედებები, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის
მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს.
"საქმის მასალების
შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ,
რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი
ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის
შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების
სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული
მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ
პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ
წლებია აწარმოებს.
რთული წარმოსადგენია, იმ
ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი
წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ
ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო
პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული
მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს.
შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო
პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ,
რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ
მიიღოს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
დღეს, ტელეკომპანია "მთავარის"
დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები