საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი მეორე დღეა სამუშაო ვიზიტით ქუთაისში
იმყოფება.
პრეზიდენტი, დღეს, ეროვნული
თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებს და საზოგადოების სხვა
წარმომადგენლებს მესხიშვილის თეატრში შეხვდა.ის შეკრებილ საზოგადოებას
სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, დემოკრატიასა და ეროვნული თანხმობის
არსზე ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საზოგადოება
პოლარიზებულია.
"სამწუხაროდ, ეს
(პოლარიზაცია) არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი.
ჩვენთან ამან მიიღო ძალიან მახინჯი ფორმა. პრაქტიკულად არ არსებობს
საკითხი, რომელზედაც უცებ არ დაიწყება ეს რაღაცა, საშინელი
დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს
ლანძღვა-გინების. ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრების
ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვასა და
დისკრედიტაციაზე. ეს არის ის, რაც მგონია უნდა შეიცვალოს და ჩვენ არ
ვართ შეთანხმებული არაფერზე, არც წარსულზე, არც მომავალზე და არც
აწმყოზე. ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ წარსულის რაღაც ნაწილზე
გვქონდეს ერთნაირი შეხედულება, თუ ჩვენ სხვადასხვანაირად ვკითხულობთ
ამ წარსულს, მაშინ გვექნება სხვა წარმოდგენა აწმყოსი და ასევე
მომავლის. მაშინ რა გვაერთიანებს? - რა ვართ, ვინ ვართ, მხოლოდ
ტერიტორია თუ ნამდვილი სახელმწიფო და საზოგადოება? ეს კითხვები ძალიან
მნიშვნელოვანია და ყველა საკუთარ თავს უნდა ვუსვამდეთ ", -
თქვა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროცესში
უკრაინის როლი განსაკუთრებულია.
"დღეს კანდიდატურაზე
განაცხადი გაკეთებულია და ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა,
მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამ
- მადლიერება გამოვთქვათ, იმიტომ რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა
ვიცოდეთ, უნდა ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც
გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ღირსი ამ ყველაფრის", - თქვა
სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი თეატრში შეკრებილ
საზოგადოებას ასევე ესაუბრა ეროვნული თანხმობის მისაღწევად საჭირო
ნაბიჯების გადადგმაზე და თქვა, რომ ეს არ ნიშნავს პოლიტიკური
პარტიების შერიგებას.
"ეროვნული თანხმობა რას
ნიშნავს? - ბევრი კითხვა იყო ამაზე როგორ უნდა შეარიგოთ ის და ეს,
არავის შერიგებას არ ვაპირებ, ამისი არც ძალა მაქვს და არც არანაირი
ბერკეტი. ან რატომ უნდა შევარიგო ვინმე ვინმესთან ან რომელიმე
პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკურ ძალასთან? ეს მიმაჩნია პრაქტიკულად
შეუძლებლად. ჩემი როლი და ჩემი ხედვა ამაზე სხვა არის. მე მინდა
გავიგო, რა არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვთანხმდებით როგორც
საზოგადოება, ეს არის თანხმობა და არა ის, რომ ხელოვნურად ვიღაცა
ვიღაცასთან შევარიგოთ და ეს გასტანს რამდენ ხანსაც გასტანს, არამედ,
მოვნახოთ ის, რაზეც დგას და იდგა ეს ქვეყანა", - თქვა
პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს სხვა
ქალაქებშიც გამართავს. პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის ინიციატივით
გასულ წელს გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები