უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ეპიდემიების შესაძლო აფეთქებაზე საუბრობენ.
„ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ასე რომ, ძლიერი და
მომაკვდინებელი ეპიდემიები შეიძლება მალე გავრცელდეს ქალაქში -
ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის,
ნანგრევების ქვეშ ათასობით ცხედრის ხრწნის და სასმელი წყლისა და
საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო,“ - აცხადებენ
მარიუპოლის საკრებულოში.
მათი თქმით, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის
გავრცელების საშიშროება.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტები ვერ
უზრუნველყოფენ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან
უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით.
„ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი
დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია“,- აღნიშნა
მერმა.
მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია. მას "აზოვის" პოლკი იცავს.
უკრაინელი მებრძოლები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქარხანა
„აზოვსტალში“ არიან გამაგრებული.
ამ დრომდე ვერ ხერხდება „აზოვსტალში“ შეფარებული მშვიდობიანი
მოქალქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა და მათი ევაკუაცია.
უკრაინაში 64 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს
რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
მასალის გამოყენების პირობები