აღდგომა საბჭოთა კავშირში დევნილი
დღესასწაული იყო. შეიძლება იმაზე მეტად დემონიზებული, ვიდრე შობის
დღესასწაული.
აღდგომის აღნიშვნის ტრადიციას ბევრი
მიმდევარი ყავდა საბჭოთა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს
გარკვეულ გაბედულებას გულისხმობდა. თუკი შობა სახლში შეიძლებოდა
ეზეიმათ, ოჯახის გარემოცვაში, აღდგომა სახლიდან გასვლას, საკუთარი
რწმენა-წარმოდგენის სახალხო - საჯაროდ გამოხატვას გულისხმობდა.
შესაბამისად, აღდგომის დღესასწაულის მოზეიმე პირი დევნისთვის მთავარ
სამიზნედ იქცეოდა.
მიუხედავად ამისა აღდგომას მაინც
ვერ მოერივნენ.
მაინც როგორ "გადარჩა" აღდგომა და
რატომ აღინიშნება იგი პოსტ საბჭოთა საქართველოში შობაზე უფრო
პომპეზურად?
თეოლოგი ერეკლე თურქაძე აღნიშნავს,
რომ აღდგომის დღესასწაულის საბჭოურმა დევნამ კრახი განიცადა
"იმდენად, რამდენადაც სიკეთის, წესიერების, აბსოლუტური
სოციალური სამართლიანობისა და სიყვარულის იდეისადმი, როგორც მარად
მისაღწევი, ამოუწურავი, განმავითარებელი ფასეულობებისადმი ადამიანის
ერთგულებას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად კაცობრიობის ისტორიის
საპირისპირო პრაქტიკისა. ყოფითად არასამართლებრივ საბჭოურ იდეოლოგიას
არ შეეძლო დაეჩლუნგებინა საზოგადოების აბსოლუტისკენ სწრაფვის ბუნებითი
უნარი", - ამბობს თეოლოგი.
აღდგომის მიმართ ცენზურის
"სხვაგვარი" დამოკიდებულება შეიძლება იმითაც აიხსნება, რომ აღდგომა
სიმბოლურად ახალი ადამიანის დაბადებას გულისხმობს. საბჭოეთიც ხომ
თითქოს ამას ისახავდა მიზნად - ადამიანის შეცვლა - გადაკეთებით იყო
დაკავებული, ოღონდ ხელოვნურად და ძალადობრივად.
"საბჭოთა იდეოლოგებს იმის ილუზია
გაუჩნდათ, რომ "აღდგომის მნიშვნელობა მეტად გავდა საბჭოთა კულტურას,
რადგან ისიც ახალი ადამიანის, ხელახალი, დაჩაგრულის გამოცოცხლებაზე
იყო ჩაჭიდებული. ამ გაგებით, ის ქრისტიანულ ნარატივში არ ეწერებოდა,
როგორც შობა (კონკრეტული რამ, საწყისი ქრისტიანული მოდუსის)", -
ამბობს ისტორიკოსი აკაკი კობახიძე.
ამასთან, სიკვდილი და სასაფლაო
ნაკლებად "კონტროლდებოდა" იდეოლოგების მიერ.
"სიკვდილის ინდუსტრია
(სასაფლაოები, რიტუალები და ა. შ.) სსრკ-ში იყო მიშვებული, როგორც
მაშინ ამბობდნენ, თვითდინებაზე. ერთადერთი, რაც არსებობდა, იყო ომის
გმირების და სახელმწიფო პერსონების დასაფლავება. დანარჩენს ფარავდა
გაურკვეველი ტერმინი "სამოქალაქო პანაშვიდი" - თავისთავად აბსურდი.
რატომ იყო ეს ასე, არ ვიცი, მაგრამ იყო. შესაბამისად, სააღდგომო
რიტუალები რჩებოდა ხელუხლებელი... გარკვეული აზრით, რა თქმა უნდა.
არსებობდა "კომკავშირული ქორწილები", მაგრამ არ არსებობდა
"კომკავშირული გასვენება", - ამბობს აკაკი
კობახიძე.
აღდგომის განსაკუთრებულობას
ქრისტიანულ დღესასწაულებში და მისი "ბრწყინვალედ" მოხსენიებას სხვა
მოტივით ხსნიან თეოლოგები.
"თეოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ
ბრწყინვალე აღდგომაა ქრისტიანობის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი
დღესასწაული. ქრისტიანულ ეკლესიებში ევროპაშიც, აღმოსავლეთშიც ეს
კარგად აქვთ გააზრებული და ამ მხრივ, დამოკიდებულება იდენტურია", -
ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
თუმცა, აღნიშვნის პომპეზურობას
იმდენად არა თეოლოგიური მიმართება განსაზღვრავს, რამდენადაც სხვა
ფაქტორები: ტრადიცია, კულტურა, ტემპერამენტი, იქამდე კლიმატი და
რიტმულობაც.
"ნებისმიერ რელიგიას თუ
აღმსარებლობას გააჩნია საკუთარი რიტმულობა (ეორტაოლოგია), რომელიც
ხშირად ადამიანის სიცოცხლის პერიოდთან, ბუნების დროებასა და თვით
ცივილიზაციის ციკლურობასთანაც კი არის კვეთაში. შობა არის
დღესასწაული, რომლის გამოსახულებით სცენაზე წარმოდგენილია ოჯახი. ცივ
ამინდში, მიუხედავად მიუსაფრობისა და სიდუხჭირისა, ხერხდება ალაგის
გამოძებნა სადაც ცხოველების, მწყემსებისა და მზრუნველი "მშობლების"
გარემოცვაში იბადება ყრმა იესო...დასავლეთ ევროპის კლიმატურ ზონაში,
სადაც ზამთარი ძალიან ცივია, ბუნება სრულიად გარინდებულია და ყველა
თბილი კერიის ირგვლივ შემოკრებილი ოჯახური გარემოსკენ მიისწრაფვის,
შობის ეს ხატება ძალიან მშობლიურია. თბილი, მოსიყვარულე გარემო,
ახალშობილი ბავშვი და ადამიანთა ერთობის ხილვა არის ის გზავნილი,
რომელიც მკაცრი კლიმატის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს სულიერად
ათბობს, იმედით აღავსებს და მთელი ზამთრის პერიოდში აძლებინებს. ანუ,
შობის შემთხვევაში კლიმატი, გარემო, ადამიანთა განწყობა, მშვიდი
ემოციები და წლის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც, ამ არეალში
შობამ უფრო დიდი კულტურული და კომუნალური დატვირთვა
შეიძინა", - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
სამაგიეროდ, აღდგომის დღესასწაულს
სხვა ტრადიცია და ტემპერამენტი დახვდა აღმოსავლეთში.
"აღდგომა, შობისაგან
განსხვავებით, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ბუნების
გამოღვიძების, ეიფორიის და სინათლის დღესასწაულია. აღმოსავლეთის
ბუნებაცა და კულტურაც ასეთია: ბობოქარი, ეიფორიული, სპონტანური,
ჭარბად ემოციური. შესაბამისად, აღდგომის აღნიშვნამ აქ უფრო მძლავრი და
მასშტაბური ხასიათი მიიღო. შემთხვევით არაა აღმოსავლური ტრადიცია
სააღდგომო ლიტურგიაზე ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნების პროცესია,
ლიტანიობა და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთის ქვეყნების
უმრავლესობა დღემდე, ძირითადად, აგრარულ საზოგადოებას წარმოადგენს,
სადაც ბუნებასთან კავშირი და წინაპრების კულტი გაცილებით ძლიერია,
ვიდრე ინდუსტრიულ საზოგადოებებში. აღდგომა ხომ სწორედ წინაპართა კვლავ
ხილვის იმედის დღესასწაულიცაა", - მიაჩნია მირიან
გამრეკელაშვილს.
აღდგომა იმედის დღესასწაულია,
იმედი, რომელიც "ყველაზე ბოლოს კვდება" ან საერთოდ არ კვდება -
აღდგომამ აქაც შეიტანა კორექტივები.
მასალის გამოყენების პირობები