ახალი ამბები
"უკრაინელებმა უკვე გაიგეს, რომ მხოლოდ შედეგს შეიძლება ენდო" - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტს, ვიდრე რუსეთი მოლაპარაკებების პარალელურად სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს, აგრესორის არ სჯერა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში, რუსულ-უკრაინული დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებებიდან მოდის პოზიტიური სიგნალები, თუმცა, უკრაინას არ აქვს მიზეზი, რომ რუსეთს ენდოს.

"მოლაპარაკებების პლატფორმიდან მოსმენილ სიგნალებს დადებითი შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ვენდოთ იმ სიტყვებს, რომლებიც ისმის სახელმწიფოს გარკვეული წარმომადგენლისგან, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა უკვე გაიგეს, როგორც შეჭრის ამ 34 დღის განმავლობაში, ასევე დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება ენდო",
- თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე ისაუბრა მოლაპარაკებების შესაძლო გავლენაზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამის მოლოდინი არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს.

"ზოგიერთი ქვეყანა არც კი მოელოდეს, რომ გარკვეული მოლაპარაკებები გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნაზე. სანქციების საკითხი ვერ დადგება, სანამ ომი არ დასრულდება, სანამ არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია და სანამ არ აღვადგენთ სამართლიანობას. პირიქით, სანქციები უნდა გამკაცრდეს. გააძლიერეთ ისინი ყოველკვირეულად და გააკეთეთ ეს არა მხოლოდ მედიის სათაურებისთვის, არამედ, ნამდვილი მშვიდობისთვის", - თქვა ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში.

29 მარტს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო სასახლეში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შედგა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა იმ წინადადებებზე ისაუბრეს, რაც შეხვედრის დროს რუსულ მხარეს წარუდგინეს.

უკრაინა ომის დასრულებას და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფას რამდენიმე პუნქტად განიხილავს. უკრაინული მხარის უპირობო მოთხოვნაა ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთის ჯარის დაბრუნება 24 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე. რაც შეხება მომდევნო ეტაპს, ამ პროცესში უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვს. უკრაინულ მხარეს სურს, რომ შეიქმნას ნატოს ე.წ. მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმება, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობას კონკრეტული ქვეყნები აიღებენ. უკრაინამ უკვე დაასახელა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ის გარანტორად მოიაზრებს. ესენია: აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი და ისრაელი. უკრაინული მხარის თქმით, ზოგიერთი ქვეყნისგან თანხმობა უკვე მიღებულია. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ამგვარ შეთანხმებას გააფორმებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სამი დღის განმავლობაში არ მოგვარდება, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ, ცის დაკეტვის ჩათვლით. უკრაინა უარს არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ცალკე საკითხად წარმოადგინა უკრაინამ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა რუსეთს ყირიმთან დაკავშირებით წარუდგენს თავის წინადადებებს და მასზე მოლაპარაკებებისთვის 15 წლიან ვადას ტოვებს, თუმცა, იმ პირობით, რომ ამ დროის განმავლობაში არ იქნება საომარი მოქმედებები.

მოლაპარაკებას მოჰყვა პირველი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შესახებ განცხადება რუსეთის მხრიდან. შეხვედრის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების ნაწილს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაიყვანს, თუმცა, რუსეთის მიერ ამ პირობის შესრულების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები. შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ჯარების მხოლოდ გადაჯგუფება მოახდინოს და პოზიციები რეალურად არ დატოვოს.

უკრაინაში 35  დღეა ომი გრძელდება. რუსეთი სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს თავს 24 თებერვალს დაესხა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.