საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას "შულავერის კომიტეტი"
უწოდა.
მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრის
დროს, მან ხელისუფლების მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა და თქვა, რომ
რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, არც ერთ ქვეყანაში, საქართველოს
გარდა, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები არ გამართულა. ამის
გამო მან ოპოზიცია მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა
და მას "შულავერის კომიტეტი" უწოდა.
"რუსეთ-უკრაინის ომის დროს,
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა აქციები და არ მოუთხოვიათ
მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული
და უნიკალური, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენ ვცხოვრობთ
რუსულ ჯართან ერთად და ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის
არაპროგნოზირებადი, სრულიად მიუღებელი იყოს ის ანტისახელმწიფოებრივი
აქციები, რომელიც იმართებოდა. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს
არის მეხუთე კოლონა, ეს არის "შულავერის კომიტეტი". ამიტომ, ჩვენ ამას
არ დავუშვებთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე",
- განაცხადა პრემიერმა.
მან სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში
დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, თუმცა, კითხვაზე მიანიჭებს თუ
არა საქართველოს მთავრობა გარდაცვლილ მებრძოლებს ეროვნული გმირის
წოდებას, ამაზე პრემიერმა თქვა, რომ ეს საკითხი შესაბამისმა
სამსახურებმა უნდა განიხილონ.
რამდენიმე დღის წინ, მმართველი
პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართულ ოპოზიციას "ომის
პარტია" უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები