პოლიტიკა
"პრეზიდენტს "ნაცობა" არ დაბრალდეს" - რა შეფასებები გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნა დეპუტატებმა დაიკავეს.

ოპოზიციონერი და უმრავლესობის დეპუტატები იზიარებენ პრეზიდენტის კრიტიკას, თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის მიუღებელია კრიტიკის ის ნაწილი, რომელიც მათ ეხებათ.

"მოვისმინეთ ქალბატონ პრეზიდენტის გამოსვლა, ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ობიექტურად ის ამოცანები იყო დასახული, რაც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავჭრათ, თუმცა, შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, განსაკუთრებით ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში"
, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

მან თავის გამოსვლაში პრეზიდენტს ინიციატივით მიმართა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭოს.

კოლეგისგან განსხვავებით, პრეზიდენტის კრიტიკა მისაღები აღმოჩნდა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის და პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილისთვის.

"პატივცემულო კოლეგებო, ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით", - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა დეპუტატმა.

მან პრეზიდენტის გამოვლას ადეკვატური უწოდა.

"არ მგონია, რომ ვინმეს მხრიდან შეხსენება გვჭირდებოდა, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის და ომის საფრთხის პირობებში, ყველა ქვეყანას ერთიანობა მართებს და არა ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაგვემართა. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ - ცუდი, ან პირიქით, საქმე ისაა, რომ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში შეუძლებელია იმის ხაზგასმა, რომ მტერი ჩვენზე ძლიერია, ისევე, როგორც "ქვეყნის სისუსტეზე პროპაგანდა არის დანაშაული".

პრეზიდენტის კრიტიკულმა გამოსვლამ მომზადებული ტექსტი შეაცვლევინა "გირჩის" დეპუტატს იაგო ხვიჩიას.

"რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც, მინდა მადლობა ვუთხრა. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ამ მწვავე განცხადების შემდეგ, რომელიც თავისი შინაარსით შემრიგებლურია და აქ მყოფ ადამიანებს შერიგებისკენ მოგვიწოდებს, არ იქნება "ქართული ოცნების" მიერ ისე აღქმული, რომ პრეზიდენტს ამის გამო "ნაცობა" დაბრალდეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართველ ხალხს არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ ამ მძიმე დროს უკრაინის პრეზიდენტს ელჩი გაეწვია.

დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის მსგავსად მკაცრი ტონი ჰქონდა უმრავლესობის დეპუტატს მამუკა მდინარაძეს. მან 10 წუთიან გამოსვლაში მეტი დრო წინა მთავრობაზე საუბარს მოანდომა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობაში იმის გამო დაადანაშაულა, რომ იგი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაუფრთხილებლად მივიდა.

"გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული სტუმარი სხდომათა დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა", - მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. მას საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 5 მარტს უნდოდა მისვლა, თუმცა, უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა.

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოში უკრაინის დროებით წარმომადგენელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა.

რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ნახეთ:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.