უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიდევ
ერთი ოკუპირებული უკრაინული ქალაქის, დნეპრორუდნის მერი გაიტაცეს.
Unian-ის ინფორმაციით, ევგენი მატვეევის
გატაცების შესახებ ზაპროჟიის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა გაავრცელა.
"სამხედრო დანაშაულები სისტემური ხდება. დნიპრაუდნოგოს მერი მავეევი
ევგენი სერგეიოვიჩი გაპარულია", - წერს ოლქის გუბერნატორი,
ალექსანდრ სტარუხი.
უკრაინული მხარის განცხადებით, ასევე გატაცებულია მელიტოპოლის მერი
ივან ფედოროვი. ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია
ცნობილი.
12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ
ფედოროვი წამების ქვეშაა. ზელენსკის თქმით, რუსები მისგან
ვიდეომიმართვის ჩაწერას ითხოვენ, სადაც ოკუპანტებს გამოუცხადებს
მხარდაჭერას. მერის გათავისუფლების მოთხოვნით მელიტოპოლის მოსახლეობა
ქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ
განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან
მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო
ობიექტების მიზანში ამოღებას.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.
მასალის გამოყენების პირობები