"ჩვენ არ მოვახდენთ პუტინის ომის
სუბსიდირებას" - ამ სიტყვებით დააანონსა ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმაზე
მუშაობის დაწყება.
ჯოზეფ ბაიდენმა მიმართვაში თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს
იმისთვის, რათა ხელი შეუშალოს პუტინს თავისი გეგმების
განხორციელებაში. რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა მან
ცივილიზებული სამყაროს მთავარ ამოცანად დაასახელა და თქვა, რომ ამ
მიზნის მიღწევაში უმთავრეს როლს აშშ შეასრულებს.
"პუტინის ომი ზიანს აყენებს
ამერიკულ ოჯახებსაც. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო,
გაზიარდა ფასი გაზზე. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შევუშალო
პუტინს. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ გვქონდეს გლობალური ენერგიის
სანდო წყარო. ჩვენ მომავალი წლისთვის რეკორდულ მაჩვენებელზე გავალთ
ნავთობის წარმოების მხრივ, აშშ-ში ნავთობის 90%-ის წარმოება
მიმდინარეობს ადგილობრივად. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ეს კრიზისი
შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა დავიცვათ გრძელვადიან
პერსპექტივაში და ვიყოთ დამოუკიდებლები, როდესაც საქმე ეხება
ენერგომატარებლებს. ჩვენ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ რუსული
ნავთობისგან, ამან უნდა მოგვცეს მოტივაცია, რომ გადავიდეთ
დამოუკიდებელ ენერგოწარმოებაზე. სუფთა ენერგიაზე გადასვლა,
ტრანსფორმაცია ჩვენი ენერგოპოლიტიკის, დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და
ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ არავის სანერვიულო აღარ ექნება გაზისა და
ნავთობის ფასზე. აშშ გახდება წამყვანი, რომელიც აწარმოებს სუფთა
ენერგიას მომავალში და მიაწვდის მას მთელი მსოფლიოს
ქვეყნებს", - განაცხადა ბაიდენმა.
მან, ღიად ისაუბრა უკრაინის
სამხედრო შეიარაღებით ყოველდღიურად მომარაგებაზე და რუსეთისთვის
დამატებითი სანქციებიც დააანონსა.
"თავისუფლების დაცვა ძვირი
ჯდება და ეს გარკვეული ფასი დაუჯდება ამერიკასაც. უკრაინაში
ყოველდღიურად ჩადის იარაღი აშშ-დან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ
მივაწოდოთ სამხედრო დახმარება უკრაინას. ჩვენ ეკონომიკური სანქციების
ყველაზე მსხვილ პაკეტს ავამოქმედებთ მსოფლიო ისტორიაში, რომელიც
მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, რუსული ეკონომიკა
ჩამოიშლება, ერთი რუბლი ახლა ერთ ამერიკულ ცენტზე ნაკლებია. ჩვენ ხელს
შევუშლით რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რომ რუბლი გამყარდეს, რუსეთის
უმსხვილეს ბანკებს უკვე მოვუჭერით გზა საერთაშორისო სისტემიდან, ჩვენ
შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, შევასუსტებთ მის
ეკონომიკას, რაც დაასუსტებს მის სამხედრო ძალას უახლოესი წლების
განმავლობაში. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის რუსი
ოლიგარქების დანაშაულებს, მიმდინარეობს მათი ქონებების დაყადაღება,
რათა მათ გაიზიარონ პუტინის ომით გამოწვეული ტკივილი", -
განაცხადა ბაიდენმა.
გამოსვლის ბოლოს ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიოს ამ ნაბიჯების
გადადგმა გმირმა და მებრძოლმა უკრაინელმა ხალხმა
შთააგონა.
მასალის გამოყენების პირობები