ამ დროისთვის ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინელი ხალხის
მხარდასაჭერი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.
სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები უკრაინის დროშებით და "დიდება
უკრაინის" პლაკატებით იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ქუჩაში გამოსვლა და რუსული აგრესიის
მკაფიო დაგმობა ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს, ფართომასშტაბიან აქციაზე ორგანიზატორები ადგილობრივი და
ცენტრალური მთავრობის მიმართ ოთხ, ამ დროისთვის ძირითად,
მოთხოვნას გააჟღერებენ. ესენია:
საქართველოს ხელისუფლებამ დახუროს ცა რუსული საჰაერო ტრანსპორტისთვის,
რაც შეზღუდავს რუსული თვითმფრინავების გადაადგილებას სხვა
ქვეყნებში;
კომპანია "მაგთიკომმა" და "სილქნეტმა" შეზღუდონ რუსული
პროპაგანდისტული არხების ტრანსლირება;
"თავისუფლების ქარტიის" საბჭომ ჩამოხსნას ქუთაისის სკვერში, რუსეთის
რევოლუციონერის ვასილ კიკვიძის ძეგლი;
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმოს ქალაქის ბიუჯეტის
არამიზნობრივი ხარჯები და დაზოგილი თანხით დაეხმაროს უკრაინელ
მოქალაქეებს;
ამის გარდა, სოლიდარობის აქციაზე შეგროვდება ჰუმანიტარული
დახმარებები, რომელსაც აქციის ორგანიზატორები უკრაინის საელჩოს
გაუგზავნიან.
უკრაინაში 11 დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში ისევე, როგორც
საქართველოს ქალაქებში, ქუთაისშიც სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს,
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის
დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით
ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების
ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის"
მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.
პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას
უწესებენ.
მასალის გამოყენების პირობები