რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, ხულიგნობის ბრალდებით
დაკავებული სამი ახალგაზრდის: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა
გაბუნიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში.
ჩვენება დღეს სასამართლოს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ მისცა.
"ბრალდების მხარემ უნდა მიიღოს კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე
გადაწყვეტილება და ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ბრალდებულები,
ვფიქრობ უნდა მიეცეთ იმის საშუალება რომ დაფიქრდნენ რა ჩაიდინეს.
განცდა იმისა, რომ არაფერი ჩაუდენიათ, ამ განცდით არ უნდა იყვნენ," -
განაცხადა ჩვენების შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ.
"თუ მე დამნაშავე ვარ, ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს ჩემი
გადაჭარბებული ემოციის გამო" - აღნიშნა მირიან დეისაძემ.
მირიან დეისაძეს ასევე წაყენებული აქვს ბრალი, რომელიც მიმდინარე წლის
26 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, დეისაძის სიძის ცემის ფაქტს
უკავშირდება. აღნიშნულ სხდომაზე ჩვენება, მირიან დეისაძის წინააღმდეგ,
მისმა ყოფილმა სიძემ, ვლადიმერ შავგულიძემ მისცა.
დაკავებულების ოჯახის წევრები იმედოვნებენ რომ სასამართლო
ახალგაზრდების განთავისუფლების გადაწყვეთილებას მიიღებს.
"ლორთქიფანიძეს ხელი აქვს მოწერილი, რომ ბიჭები იყვნენ
განთავისუფლებულნი და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ რომ 29 დეკემბრისთვის
ისინი განთავისუფლებულნი იქნებიან"-ამბობს კახა გაბუნიას მეუღლე,
თამარ რიჟამაძე.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
წევრმა, გია თევდორაძემაც გააკეთა.
"იმ მარაზმს, რომელსაც სასამართლო პროცესი ქვია, კანონიერებასთან
არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ
ინსპირირებული თეატრი, სიტყვის სამართლიანობის, ნარსია, დეისძე,
გაბუნიას წინააღმდეგ" - ამბობს გია თევდორაძე
მომდევნო პროცესი 25 დეკემბრისთვის დაინიშნა.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები