ახალი ამბები
„საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ რუსეთის ბანაკში“ - ირაკლი ხვადაგიანი
FaceBook
საქართველო-უკრაინის საბჭოთა ოკუპაციიდან ერთი საუკუნის შემდეგ, რუსეთი იმპერიალისტურ ზრახვებს არ თმობს და უკვე ნაცადი მეთოდებით ცდილობს მეზობელი ქვეყნების დაპყრობას.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მანამდე საქართველოს რეოკუპაცია სცადა 2008 წელს და ტერიტორიების 20% წაიღო.

რუსეთი არ იცვლება. რუსული მმართველობა ერთ წრეზე ტრიალებს. თავიდან და თავიდან იწყებს დამპყრობლურ ომებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იცვლება და თამაშის წესებსაც ცვლის.

რამ შეიძლება რუსეთი საბოლოოდ შეაჩეროს ან შეცვალოს?

რა ელოდება უკრაინას და მსოფლიოს?

რა როლი ეკისრება საქართველოს და რამდენად იაზრებს ამ როლს საქართველოს ხელისუფლება?

ჩვენს კითხვებს პასუხობს "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენელი, მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ - სამყარო შეიცვალა, 21-ე საუკუნეა, სხვა სტანდარტებია, სხვა რეალობაა საერთაშორისო დონეზე. მაინც, ამ სამყაროს წარმმართველ ძალად რჩება რეალური სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება, გავლენა, ინტერესები და ეს ქმნის შემდეგ ამ კომბინაციებს, სადაც ხდება სხვადასხვა დიდი თამაშისა და ინტერესის გადაკვეთა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ცივი ომის ჩათვლით, ეს წონასწორობის ფაზაში იყო, როდესაც ესმოდა მთელ სამყაროს, რომ ბირთვულ განზომილებაში დიდი კონფლიქტები იყო შეუძლებელი და საერთოდ დამღუპველი. თუმცა უკანასკნელ ათწლეულებში უკვე აი ეს ბარიერიც შესუსტდა, რადგან თვით ომის ბუნებაც შეიცვალა და ის აღარ არის, ასე ვთქვათ, ძველებური, კლასიკური სახით. უფრო გადანაწილებული, დაბალანსებულია დ ა გაცილებით უფრო მეტი რესურსი იხარჯება საინფორმაციო ომის ელემენტებზე, "რბილ ძალაზე" და ამ ტიპის ოპერაციებზე, ვიდრე თვითონ კონკრეტულ შეიარაღებულ აქტივობებზე.

თუმცა რუსეთის შემთხვევაში, მთავარ ტაქტიკად იქცა ის,რომ მუდმივად დააყენოს ფაქტის წინაშე მოწინააღმდეგეები, რომ ის მზად არის გადადგას ესეთი ხისტი ნაბიჯი და ამით დააშანტაჟოს დანარჩენი სამყარო, რადგან ის არის ერთ-ერთი პრეტენდენტი მსოფლიო გავლენით თავისი ბირთვული რესურსებით.

ამ მხრივ არ არის გასაკვირი რასაც აკეთებს დღეს რუსეთის სახელმწიფო. უბრალოდ მისი აგრესიული გეგმები მივიდა იმ ფაზამდე, როდესაც მას აღარ სჭირდება თავისი ნაბიჯების შეფუთვა და ღიად, ცხადად აანონსებს ამ პროექტს - ის აპირებს რუსეთის იმპერიული გავლენის სფეროს დაბრუნებას და იქ ყოველგვარი სახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობის მოსპობას. ის ამბობს, რომ ე ს არის რუსული სახელმწიფოს ნაწილი. და ახლა უკვე სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც არ არის ალიანსში რუსეთთან და ამ ტიპის რეჟიმებთან, მოუწევს ამ რეალობაზე გადართვა. გასაგებია, რომ გაცილებით ადრე ჩანდა სიმპტომები, რუსეთის ეს პროექტი და ჩანაფიქრი, თუმცა ამ ფაზის დადგომამდე დასავლეთს ჰქონდა გარკვეული კომფორტის ზონა და თავის მოტყუების საშუალება რომ არა, ეს ყველაფერი აგრესიულ და ღია მოქმედებებში ა რ გადაიზრდება. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ოპერაციაამ და ა.შ. მაგრამ დღეს უკვე ფაქტად იქცა და ამის ფონზე ვხედავთ დასავლეთის ნელ-ნელა ამოძრავებას. დასავლეთის შეგრძნებას და შეგნებას, რომ თუ დროზე არ შეჩერდა ეს პროცესი დიდ და დამღუპველ შედეგებს გამოიწვევს.

- დასავლეთს ამ სიტუაციაში რა შეეძლო და რა გააკეთა ან ვერ გააკეთა?

- დასავლეთის ასე კოლექტიურად წარმოდგენა ამ პროცესში არის ძალიან რთული. ეს არის ერთგვარი ცივილიზაციური შეჯახება, როცა ერთ მხარეს დგას რამდენიმე საუკუნის დასავლური დემოკრატიული კულტურა. ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიები. პოლიტიკური ელიტების ცირკულაცია ხდება ამ ქვეყნებში. ისინი არ არიან ასეთი მონოლითური, დისციპლინირებული, გასამხედროებული სახელმწიფოები, რომელთაც შეუძლიათ ასე სწრაფად ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და შესრულება, რაც მათ საპირისპირო პოლუსს - რუსეთის ტიპის სახელმწიფოსა და სხვა ავტოკრატიულ, დიქტატორულ თუ ტოტალიტარულ ქვეყნებს ახასიათებთ. ასეთ სახელმწიფოებში მკაცრი ცენტრალიზებული ვერტიკალი არსებობს. აქ ძალაუფლების გადანაწილების ბალანსის და კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არის ასევე ბელადის ერთპიროვნული მმართველობის სისტემა, სადაც რა თქმა უნდა გადაწყევტილების მიღება და შესრულება ძალიან სწრაფად, ფორმალური წესებისა და დოკუმენტების გაფორმებამდეც კი ხდება დ ა მერე ფიქსრდება პოსტ-ფაქტუმ. ასეთია ეს ორი მოპირისპირე ბანაკი - სწრაფი, მოქნილი, ხისტი და აგრესიული.

მეორე მხარე კი შედარებით ნელი, გეგმიური, დროში გაწელილი მოქმედებების მქონე და რაც მთავარია მრავალფეროვანი.

კოლექტიურად რომ წარმოვიდგინოთ დასაველთი და რუსეთი, ამ დაპირისპირებაში დასავლეთი არის ძალიან მრავალფეროვანი, მრავალაქტორიანი. დიდი სახელმწიფოები სხვადასხვა დღის წესრიგებით, ინტერესებით და პროგრამებით. მათ შორის, ერთ პოზიციაზე შეჯერება არის ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი. ზუსტად ამაში მდგომარეობს ამ კონფლიქტის ირგვლივ გარკვეული "ჩავარდნა" დასავლეთის რუსეთის მიმართ ადეკვატური პოლიტიკის შემუშავების კუთხით. ეს არის მრავალაქტორული მოცემულობა, სადაც ბევრი საქმის გარშემო კონსენსუსის მიღწევა რთულია. დროს მოითხოვს. ბევრ რესურსს მოითხოვს. კონკრეტულ მტკიცებულებებს მოითხოვს აგრესიის დასაბუთებისთვის.

ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების სისტემას და მობილიზაციის სიჩქარეს ეწირება ეს მსხვერპლი სახელმწიფო, რომელიც არის რუსეთის აგრესიის ობიექტი. უკრაინას ამჯერად უწევს ფიზიკურად მხოლოდ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამ მასირებულ თავდასხმას, სანამ რეალური აქტიური ჩარევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული დასავლეთის, ნატოსა თუ სხვა მსგავსი კავშირების მხრიდან.

- საქართველოს ხელისუფლების რუსული აგრესიის მიმართ გაჩუმების და არჩარევის პოლიტიკა რამდენად დამაზარალებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის?

- საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია და პოლიტიკა არის უკიდურესად სამარცხვინო და დამაზიანებელი ჩვენი ეროვნული საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს უკვე დიდი ხნის დეკლარირებული პოზიცია არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე დაანონსებული ჰქონდათ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური კურსისთვის წამყვანი იქნებოდა ე.წ. არგაღიზიანების თემა. რაც სინამდვილეში ნიშნავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მის სუვერენიტეტზე შეტევის პრობლემა რუსეთის სახელმწიფოს მიერ, რუსეთის აგრესიული მიზნების ფარგლებში, არ უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილი. უნდა მოხსნილიყო საქართველო, როგორც ხელის შემშლელი და შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთისთვის ნებისმიერ საგარეო არენაზე. ამ პროგრამით და დაპირებით არის ის პოლიტიკური ძალა მოსული ხელისუფლებაში და ზედმიწევნით შეძლო ამის რეალიზება.

თანაც იმ მომენტში, როცა უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელი არის რომ რუსეთი აგრესორია და იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ერთი-ერთში იმ დამუშავებულ სქემებს, ტაქტიკასა და სტრატეგიას, რაც მან 2008 წლის თავდასხმისას საქართველოზე გამოიყენა. ეს არის საუკეთესო გარემო, რომ საქართველომ ერთი მხრივ სოლიდარობა გამოხატოს უკრაინისადმი პოლიტიკურ დონეზე, ფიზიკურ დონეზე, ლიდერების ჩასვლით, მხარდაჭერით, ჰუმანიტარული აქციებით, სიმბოლური, თუნდაც სამხედრო მხარდაჭერის გამოჩენით და შეხსენებით მსოფლიოსთვის, რომ ის არის პირველი მსხვერპლი რუსეთის აგრესიის. როდესაც დადგება რუსეთის აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის ეტაპი, და იმედი გვაქვს რომ დადგება, იქ ჩვენ აუცილებლად პირველ რიგებში უნდა ვფიგურირებდეთ.

სამაგიეროდ ვხედავთ რას? სრულ სიჩუმეს. სრულ სამარცხვინო გამიჯვნას აი ამ რიტორიკისგან და საერთოდ რუსეთის ბანაკში იდენტიფიცირებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ის რომ საქართველო არის მსხვერპლი რუსეთის აგრესიის ამაზე ლაპარაკობენ სხვები. აი ეს შანსი არის გაფლანგული და სრულიად გაცნობიერებულად გაფლანგული. რამდენადაც ქართველი პოლიტიკური ძალისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, მისი პროგრამისთვის სრულიად შეუსაბამო მოცემულობა. "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში იმ რიტორიკით, რომ ადანაშაულებდა საქართველოს ხელისუფლებას ომის გაჩაღებაში, პროვოკაციებზე აყოლაში და სახავდა სიტუაციას ისე, რომ საქართველოს შესაძლოა აერიდებინა რუსული აგრესია და მან ეს არ გააკეთა. დღესაც კი ამ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ჩვენი ომი არის ის, რაც ხდება უკრაინაში და ჩვენც ვართ ამ ომის მსხვერპლი. ის ისევ იმეორებს ამ რიტორიკას და უკვე ღიად აჩვენებს დასავლეთს, რომელიც მობილიზდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ვართ რუსეთის ბანაკში. ფაქტობრივად ეს კაპიტულაციის და დე ფაქტო ოკუპაციის ტოლფასი არის, რომელსაც მხოლოდ სამხედრო ელემენტი აკლია რუსეთის შეიარაღებული ძალების, უკვე თუნდაც სიმბოლურ დონეზე განთავსებით დარჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ელემენტი არის დარჩენილი სრულ კაპილტულაციამდე და რუსეთის სრულ სატელიტად გადაქცევამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.