ქუთაისის მერია 29 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ათობით საახალწლო
ღონისძიების ჩასატარებლად ემზადება. ყოველ შემთხვევაში ამაზე
მიუთითებს მერიის საახალწლო ღონისძიებათა განრიგი.
30-31 დეკემბრის ივენთების უმეტესობა ღია ცის ქვეშ გაიმართება, 1-13
იანვრის სანახაობები კი შენობებში გადაინაცვლებს.
30 და 31 დეკემბერს ძველ უბანში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, სადაც
წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, მისალოცი
ბარათები, სუვენირები და ა.შ. ამ საახალწლო ბაზრობის ტერიტორიაზე
აგრეთვე თავის პროდუქციას გამოიტანენ ქუთაისში არსებული პოპულარული
კვების ობიექტები: "ჩაის სახლი", სხვადასხვა ჩაის ასირტიმენტთან
ერთად საფირმო ტკბილეულს წარმოადგენს, "პალატი" თავისი საფირმო
კერძებით და "აურა", რომელიც იქვე ადგილზე დაამზადებს გემრიელ
კრეპებს. მოეწყობა გლინტვეინის დეგუსტაცია. აგრეთვე გაიმართება
ქუთაისელი მხატვრების მიერ ზამთრისა და ახალი წლის თემაზე შექმნილი
ნამუშევრების გამოფენა.
30 დეკემბერს პირველი სკოლის ტერიტორიაზე კვლავ განთავსდება საბავშვო
ქალაქი, რომელსაც რამდენიმე სიახლე დაემატება და 18:00 საათზე მისი
საზეიმო განათება მოხდება.
წლევანდელი სიახლე ნაძვის ხეების კონკურსი იქნება, სადაც სხვადასხვა
საჯარო დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ ორიგინალურ ნაძვის ხეს და
ნაძვის ხის მორთვაში კრეატიულობის გამოავლენას შეეცდებიან.
ახალი წლის დღეები დაეთმობა გამოფენებს. ქუთაისელი მხატვრების
ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და დიზაინერული ნაძვის ხეების გამოფენა
მოეწყობა, რომელიც ასევე 30 დეკემბერს მონპლაზირის ტერიტორიაზე
გაიმართება.
31 დეკემბრის საღამო ფლეშ-მობს, ასევე DJ-ZAPPA-სა და საახალწლო
გალა-კონცერტს დაეთმობა, რომელსაც ეთნო ჯაზ-ჯგუფი "ეგარი"
წარმოადგენს, თუმცა მერიში მიუთითებენ რომ საკონცერტო ნაწილში
შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.
ახალი წლის ღამე DJ-ZAPPA-თი და ელექრონული მუსიკით გაგრძელდება.
ახალი წლის პირველი რიცხვები ნიღბების თეატრსა და საქველმოქმედო
ჩვენებებს დაეთმობა, რომელიც ოპერის თეატრსა და ყინულის მოედანზე
გაიმართება (1,2,3,4 იანვარი).
წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო თეატრების სხვა სპექტაკლები.
თოჯინების თეატრის სპექტაკლი "საახალწლო ზღაპარი" (2,5,6 იანვარი) ,
მესხიშვილის თეატრის სპექტაკლები "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" (4
იანვარი), "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" (5,6 იანვარი),
"ჭინჭრაქა"(9იანვარი) , "ზაფხულის ღამის სიზმარი" (9 იანვარი),
"ცილინდრი"(9 იანვარი).
9 იანვარს ოპერის თეატრი საახალწლო კონცერტს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები