პოლიტიკა
ეკონომიკური სანქციები - მსოფლიოს პასუხი რუსულ აგრესიას
FaceBook

რუსეთს აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ, იაპონიამ ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.


დასავლეთის მხრიდან ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის -დონეცკისა და ლუჰანსკის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებას  და იქ ჯარების შეყვანის გადაწყვიტილებას მოჰყვა.

აშშ-სა
და სხვა სახელმწიფოების ლიდერები და ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სანქციების პირველი ტრანშია და სანქციები გაფართოვდება რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად.

"ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. და ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ.

ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. დღეიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე, უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარ გაგრძელდეს"
, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ ევროპის კავშირში, რომელთაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს უწესებენ. ამერიკის ხმის ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის ბევრი პოლიტიკოსი, კანონმდებელი და ოფიციალური პირი ხვდება.

ევროპის კავშირის ინვესტორებს ეკრძალებათ რუსული აქციებით ვაჭრობა. სანქციების სამიზნეა ასევე უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან წარმოებული იმპორტი და ექსპორტი.

სანქციები დაუწესდა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს, 351 კანონმდებელს, რომელთაც ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. მათ გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და აეკრძალებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

სანქციები ასევე, მოიცავს 27 ინდივიდსა და ერთეულს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობენ, დეზინფორმაციას აწარმოებენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ სეპარატისტებს უკრაინის ამ ორ რეგიონში. ამ პირთა და ერთეულთა ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია.

ჯერ არ არის დაზუსტებული, როდის შევა სანქციები ძალაში. დიპლომატები ფიქრობენ, რომ ეს დეტალები მომდევნო რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში გაირკვევა და გასაჯაროვდება.

სანქცირებულებში ევროკავშირს ჯერჯერობით არ შეუყვანია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ცალკე გრძელდება მუშაობა სანქციებზე, რომლებიც რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში გამოცხადდება. სანქციების ამ ნაწილზე ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს.

ბრიტანეთმა გამოაქვეყნა რუსეთის მოქალაქეების და იმ რუსული ორგანიზაციების სია, ვისაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები უწესდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სანქციებში შემდეგი სუბიექტები და ობიექტები მოხვდნენ: გენადი ტიმჩენკო "რუსეთის ბანკის" აქციების მთავარი მფლობელია და ასევე წამყვანი ფიგურაა "ეროვნულ მედია-ჯგუფში". შეერთებულმა შტატებმა ტიმჩენკოს სანქციები სწორედ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.

ბორის როტენბერგი - ისიც ბიზნესმენი და პუტინის ახლო წრის წევრია. როტენბერგი SMP​ ბანკის აქციების მთავარი მფლობელია, ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. ამასთან, ის თანამფლობელია გაზსადენების მშენებელი და ენერგომომარაგების გიგანტური რუსული კომპანიის SGM.​.

შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები 2018 წელს დაუწესა.

იგორ როტენბერგი არკადი როტენბერგის შვილია, რუსი მილიარდერი ბიზნესმენის. ისიც პრეზიდენტ პუტინთან ძალზე დაახლოებული პირია. როტენბერგი "ეროვნული ტელემატური სისტემების" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

"რუსეთის ბანკის" მფლობელები არიან რუსი მილიარდერები, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ პუტინთან და რომლებმაც უკრაინაში ყირიმის ანექსიისთანავე, იქ ფილიალები გახსნეს. ბრიტანეთის მონაცემებით, ბანკი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის დამოუკიდებლობის და მისი სუვერენიტეტისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში.

შავი ზღვის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი ყირიმში ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთანავე შეიქმნა, 2014 წელს. მისი მოგება უმეტესწილად დასავლეთის სანქციების შიშით, ყირიმში ბანკების ნაკლებობამ განაპირობა.

ერთობლივი სააქციო კომპანია გენბანკი რუსული ფინანსური კომპანიაა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს უკრაინის ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ანექსირებულ ტერიტორიაზე თავისი საქმიანობით, ისიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას - ნათქვამია ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მას შემდეგ, რაც ყირიმში უკრაინული ბანკები იძულებულნი გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ IS ბანკი მთელი ყირიმის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ლონდონის განმარტებით, "ის ფინანსური მომსახურების გზით, ხელს უწყობდა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში და ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციას".


ერთობლივი საჯარო სააქციო კომპანია პრომსვიაზბანკი სახელმწიფო მფლობელობაში იმყოფება და რუსეთის არმიას აფინანსებს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში და მომსაახურებას უწევს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების 70%-ს. შესაბამისად, ეს ბანკიც გარკვეულ როლს ასრულებს უკრაინის დესტაბილიზაციაში.


აშშ-სა და ევროკავშირის პარალელურად რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა კანადამ. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი წარადგინა.

ტრუდოს განცხადებით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. "დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან" ლუჰანსკთან და დონეცკთან.

კანადა ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ტრუდომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა.

"კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ორი რუსული ბანკის წინააღმდეგაც და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს,"
- განაცხადა ტრუდომ

"ყველანაირ სამოგზაურო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ" აწესებს ავსტრალია.

ავსტრალიის მთავრობამ ახალი ზომები "რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის" საპასუხოდ მიიღო.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განაცხადებით კანბერა ასევე დააწესებს "მკაცრ" ეკონომიკურ სანქციებს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების წინააღმდეგ.

ავსტრალია სანქციებს რამდენიმე რუსულ ბანკსაც დაუწესებს.

რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებების გამო სანქციებს უწესებს იაპონია.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით სანქციები ითვალისწინებს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, გარკვეული ფიზიკური პირების აქტივების გაყინვას და ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.