კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა,
გელათის გადახურვასთან დაკავშირებით, ახალი ეტაპის დაწყება
დააანონსა.
მისი თქმით, ერთ თვეში, სამინისტრო საზოგადოებას ახალ გეგმას
წარუდგენს. ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში, მინისტრმა გელათში
წყლის ჩასვლასა და ფრესკების დაზიანებაში კვლავ ყოფილი ხელისუფლება
დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მონასტრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
2008 წელს ხარვეზებით შექმნილი პროექტით მიმდინარეობდა, თუმცა, თეა
წულუკიანმა ვერ უარყო ის ფაქტი, რომ ხარვეზები ამ ხელისუფლების
პირობებშიც გრძელდებოდა.
"2008 წელს
შემუშავებული ის ხარვეზიანი პროექტი, 2020 წლის ჩათვლით დიდი
ხარვეზებით ხორციელდებოდა. რაც შეეხება ჩემ მიერ გელათში ვითომ
პრობლემების შექმნას, მინდა ყველას შევახსენო, რომ გელათში, 2021
წლიდან, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრო შეიქმნა, წყალი აღარ
ჩადის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრმა გელათში
არსებული ვითარება რეანიმაციაში მყოფ პაციენტს შეადარა, რომელსაც
გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. მან ისაუბრა მისი შეფასებით,
პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხელოვნებათმცოდნეებზეც, როლებიც, მისი თქმით,
მოუწოდებდნენ, რომ ტაძარს არ შეხებოდა. მინისტრი ახლა კმაყოფილია, რომ
სწრაფი რეაგირებით, ფრესკების ფრაგმენტები
გადაარჩინა.
"წარმოიდგინეთ, რომ
პაციენტი არის რეანიმაციაში და მას დიდი დღე არ უწერია, ამ დროს
ხელოვნებათმცოდნეების ერთი, აბსოლუტურად ანგაჟირებული ჯგუფი
გიყიჟინებს, რომ არ შეეხო, არ გააკეთო, დაველოდოთ, ვიმსჯელოთ და ასე
შემდეგ. ჩვენ იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტებთან ერთად მივხვდით,
რომ გაჩერების დრო აღარ იყო, იმიტომ, რომ ისედაც ვკარგავდით კედლის
მხატვრობის არაერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს და გადაუდებელმა
ღონისძიებებმა ეს ფრაგმენტები გადაგვარჩენინა და მე ამას ვამბობ
ხმამაღლა.
ის, რომ ეს მეთოდი და სტრატეგია სწორად არის შერჩეული, კვლევებზე
დაფუძნებულია, როგორც გადაუდებელი ნაბიჯები, ეფექტურად არის
შეფასებული იკომოსის დასკვნაში, რომელიც გახლავთ იუნესკოს მრჩეველი
ორგანო, შესაბამისად, ეს ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იტალიელი
ექსპერტების რეკომენდაციებს მივყვეთ.
სწორედ იკომოსი გვეუბნება, რომ ამ ჯგუფთან ერთად უნდა
გავაგრძელოთ ჩვენ სამუშაო და ინტეგრირებული მუშაობა უნდა შედგეს, რომ
ამ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა ერთად იმუშაონ და შემოგვთავაზონ
საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია. ვფიქრობ, ერთი თვის თავზე მზად
ვიქნებით, რომ უკვე გაგაცნოთ სამუშაოების ახალი ეტაპი, რომელიც
შეეხება სახურავს. იკომოსის დასკვნა, იმედი მაქვს წერილს დაუსვამს
ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის პოლიტიკურად ანგაჟირებულ დისკუსიას
იმის შესახებ, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით", - განაცხადა
მინისტრმა.
10 თებერვალს კულტურის სამინისტრომ
კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს
(ICOMOS
) დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც შეფასებულია
საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და ჩატარებულ
გადაუდებელი სამუშაოები. დასკვნაში წერია, რომ გელათის მონასტერში
სამუშაოები უკვე შერჩეული სტრატეგიის მიხედვით უნდა
გაგრძელდეს.
გელათში წყალი 2020 წელს, "ქართული
ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარებული რეკონსტრუქციიდან ერთ
თვეში ჩავიდა და უნიკალური ფრესკები გაანადგურა. ხელისუფლება მაშინ
შეეცადა მომხდარზე პასუხისმგებლობა მოეხსნა და ჯერ ფრესკების
დაზიანებას უარყოფდა, შემდეგ კი თქვა, რომ თეთრი ნაწილები, რაც
ფრესკებიდან ცვიოდა, მეოცე საუკუნის კონსერვაციის დროინდელი იყო. მას
შემდეგ კი, რაც იუნესკოს ექსპერტებმა ღიად თქვეს, რომ ფრესკები
ტაძარში წყლის ჩადინების შედეგად დაზიანდა, წყალი კი ნაგებობაში
სახურავის შეცვლის შემდეგ ჩავიდა, ხელისუფლება შეცდომების
გამოსწორების გეგმაზე ალაპარაკდა.
მასალის გამოყენების პირობები