ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული
ვიცე-მერობის დაკავებულ კანდიდატს იმედა კლდიაშვილს, მართვის მოწმობით
სარგებლობის უფლება ექვსი თვით შეუჩერეს.
დაკავებულის ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის თქმით, დაკავებულმა
ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას უთხრეს, რომ
მართვის მოწმობით ვეღარ ისარგებლებდა.
"ნასვამი მართავ მანქანასო უთხრეს,
მაშინ, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების მომენტში უბრალოდ იჯდა
გაჩერებულ მანქანაში. თვითონაც აღიარებენ, რომ ჩაკეტა სუსის
შესასვლელი და როგორ მოძრაობდა თუ ჩახერგილი ჰქონდა გზა? ექვსი თვით
შეუჩერეს ამის გამო მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება. უკანონოდ
მოხდა მისი დაკავება. ის, რაც მან გააკეთა, იყო პროტესტის ფორმა და
უნდა მიეჩვივნონ ამ სახელმწიფოში, რომ სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლება არსებობს", - ამბობს ნინო მეფარიშვილი.
ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული
ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პოლიციამ პირველ ნოემბერს
დააკავა. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საუბნო საარჩევნო
კომისიაში "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა განაცხადა, რომ მას
არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. ვიცე-მერობის კანდიდატი პროტესტის
ნიშნად ქუთაისში სუსის შენობასთან მივიდა და საკუთარი ავტომანქანით
შესასვლელი ჩაკეტა. კლდიაშვილმა საკუთარი დაკავების კადრები თავად
გადაიღო.
დაკავებულის სასამართლო პროცესი
უკვე ჩაინიშნა.
გუშინ, პირველ ნოემბერს, ქუთაისის
90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი
პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას
აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში
ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები