შინაგან საქმეთა სამინისტროს
რიონის ხეობიდან პოლიცია არ გაჰყავს.
ამის შესახებ უწყებამ
განცხადება უკვე გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რკინის
ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, თუმცა, პოლიციის თანამშომლები
გუმათჰესთან და რიონის ხეობაში კვლავ
დარჩებიან.
"შინაგან საქმეთა
სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების
მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს
იწყებს.
პოლიციის
თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან
გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს
დაიცავენ.
შინაგან საქმეთა
სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება,
მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს,
შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და
დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის
ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს
კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ
რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია
განცხადებაში.
გუმათჰესთან 65 დღიანი შეზღუდვის
შემდეგ რკინის ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო. პროცესს თვალს "რიონის
ხეობის მცველები" ადევნებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ამით
ბრძოლა არ სრულდება და პროტესტი სოფელ ნამოხვანში გადაინაცვლებს.
ხეობის მცველები ახლა ხელისუფლებისგან მორიგი პირობის დაკმაყოფილებას
ელოდებიან, რაც ორი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნას
გულისხმობს.
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
პროტესტი 234 დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები ისევ
უცვლელია.
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის
მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის
ნებართვა;
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია
თურნავა;
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია
"ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის
ინტერესების საზიანო უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები