პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა, რომელიც 9 ივნისს იმერეთში იმყოფებოდა, რეგიონი ისე
დატოვა, რომ რიონის ხეობის მცველებს და შუქრუთელებს არ
შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა პროტესტის
ადგილებს გვერდი აუარა და ინფრასტრუქტურული პროექტები
მოინახულა.
პრემიერი
მედიასთან საუბრისას შუქრუთში მიმდინარე პროტესტს არ შეხებია,
ნამახვანჰესზე კი თქვა, რომ ეს პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა.
"მემკვიდრეობით
დამხვდა ეს პრობლემა. ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, 100 წელი
და ასე შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ
გავაგრძელებთ პროექტს", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
იგივე გაიმეორა პრემიერთან
ერთად ქუთაისში მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია
თურნავამ თქვა, რომ ჰესი აშენდება, მაგრამ გაუმჯობესებული
სახით, ხოლო ინვესტორისთვის ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის 99 წლით
გადაცემის საკითხზე პროგრესი უნდა იქნას მიღწეული.
"ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე
მუშაობენ. 15-მდე ორგანიზაციამ უკვე გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ
გვქონდა გამოქვეყნებული. ახლა ველოდებით მათგან შემოხმიანებას,
რა დამატებით სამუშაოებს საჭიროებს ეს კვლევები.
ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა მანამდე არ დაიწყება, ვიდრე
ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს პროექტი არის განსაკუთრებით
უსაფრთხო. 99 წელი მართალია შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ
დავინახეთ, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ვფიქრობთ, რომ ამ
ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს, როცა ეს იქნება უკვე საბოლოო
გადაწყვეტილება, უკვე გავახმოვანებთ. რაც შეეხება დანარჩენს, ეს
პროექტი მნიშვნელოვანია, ეს პროექტი ენერგეტიკულად აძლიერებს
სახელმწიფოს, მაგრამ აშენდება გაუმჯობესებული და უსაფრთხო
სახით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნამახვანჰესის პროექტსა და
ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ხელისუფლება ხეობაში 225 დღიანი
უწყვეტი პროტესტის შემდეგ ალაპარაკდა, თუმცა, პრემიერი ამ
დრომდე უარს ამბობს ხეობის მცველებთან შეხვედრაზე. რაც შეეხება
შუქრუთელებს, რომლებიც სამ თვეზე მეტია "ჯორჯიან მანგანეზისგან"
კომპენსაციებს ითხოვენ, მათი ბედით ხელისუფლების არც ერთი
წარმომადგენელი არ დაინტერესებულა.
იმერეთში ვიზიტის ფარგლებში,
მთავრობის მეთაური და მინისტრები ქუთაისის ოლიმპიური აუზის
მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ, ასევე მოინახულეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი და ვანის
განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი.
მასალის გამოყენების პირობები