ქუთაისის მერია საჯარო ინფორმაციას მალავს.
"ქუთაისიპოსტს'' 7 მაისს
გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხი 22 სამუშაო დღის შემდეგაც არ
მიუღია.
კითხვები
ახალი ავტობუსების დაზღვევას ეხებოდა. ჩვენ დავინტერესდით, რომელ კომპანიაში და რა ფასად დააზღვია
მერიამ ახალი ლურჯი ავტობუსები, რომელთა შესაძენად 23 100 400 ლარი ისესხა, თუმცა, მერიას შუალედური პასუხიც კი არ
გამოუგზავნია.
ქუთაისის მერიის მიერ საჯარო
ინფორმაციის დამალვა ხშირი პრაქტიკაა. ანალოგიური მცდელობა
ჰქონდა ადმინისტრაციულ სამსახურს "ქუთაისიპოსტის" მიერ 30 აპრილს
გამოთხოვილი ინფორმაციის შემთხვევაშიც. ამჯერადაც, კითხვები
ტრანსპორტს, კონკრეტულად მერიის შპს "ქუთაისის სატრანსპოტო კომპანიის"
ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხებოდა. ჩვენი რამდენიმე მცდელობის შემდეგ,
მიგვეღო საჯარო ინფორმაცია, მერიამ პასუხები 19 სამუშაო დღის შემდეგ
მოგვწერა. (ინფორმაციის დამუშავების დროის ათვლისას გათვალისწინებულია
4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეები). პასუხის დაგვიანების
მიუხედავად, არც ამჯერად მოგვსვლია შუალედური წერილი. უფრო მეტიც,
ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გამოგზანილი პასუხის მიხედვით,
ირკვევა, რომ მერიამ წერილი არა მისი გაგზავნის დროს (30 აპრილი),
არამედ 13 მაისს დაარეგისტრირა.
ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე კი, 12 თებერვალს
გაგაზავნილ შეკითხვებზე პასუხის დაგვიანების შემდეგ, მერიამ 2 მარტს
განგვიმარტა, რომ წერილი არ მიუღიათ და კითხვების განმეორებით
გაგზავნა გვთხოვა.
გარდა საჯარო ინფორმაციის დამალვისა ან მისი დაგვიანებისა, მერია
თითქმის აღარ იყენებს შუალედური პასუხების გაგზავნის პრაქტიკას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის
ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერია საჯარო
ინფორმაციის არგაცემით კანონს არღვევს.
,,საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყონებლივ გასცეს ინფორმაცია, ან
გამოიყენოს 10 დღე საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის, თუ დრო სჭირდება,
რა თქმა უნდა. თუ ინფორმაცია კომერციულია, მაშინ უნდა დასაბუთოს.
დაწესებულება ინფორმაციას თუ საერთოდ არ გასცემს, სუბიექტს
შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომთან ან სასამართლოში, გამოთხოვილ საჯარო
ინფორმაციაზე პასუხის არ გაცემა კანონდარღვევაა'',- ამბობს
იურისტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40-ე მუხლის
თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია
გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი,
დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.
მასალის გამოყენების პირობები