მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს,
განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს,
- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განცხადა,
რითაც ის „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა საქართველო
ელექტროენერგიის გამო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება
უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის
თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან
მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ
შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის გადასაწყვეტად.
მთავრობამ უნდა გამონახოს ბალანსი საქართველოს ენერგეტიკულ
დამოუკიდებლობასა და დივერსიფიკაციასთან მიმართებაში ისე, რომ
საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის კუთხით,
საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის
გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების მღელვარების
მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“,-
განაცხადა კელი დეგნანმა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები
დათმო.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია
"ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის
ინტერესების საზიანო უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები