მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოს ნამახვანჰესის განმახორციელებელი
კომპანიის „ენკას“ დამფუძნებელი ეწვევა
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის
„ნამახვანჰესის“ ინვესტორს პირადად შეხვდება და თავად გაერკვევა
ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია.
„ჩემი პოზიცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის შემდეგი - ჩვენ
გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის
მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს მზაობა იყო, არის და
იქნება. პროტესტის მონაწილეებს შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის
ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ამის, პირადი წარმომადგენელიც ჩავრთე
და გუბერნატორიც. სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ასევე ევროკავშირის
წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის
ამ პროექტის ყველა დეტალს, ეფექტებს.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დავავალე, რომ კიდევ ერთხელ
დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოხდეს შესწავლა საერთაშორისო
პრაქტიკასთან მიმართებით. კითხვები არ უნდა არსებობდეს. მე თავად ვარ
ჩართული და გავერკვევი, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო არ იყოს ამ
ხელშეკრულებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
23 მაისს, რიონის ხეობის მცველებმა თბილისში, რესპუბლიკის
მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.
ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების
მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის
შემდეგ მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები