ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა
წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ
გავრცელებულ ვიდეოს,
სადაც ჩანს, რომ ტაძრის იატაკზე არსებული თეთრი ფრაგმენტები
დაზიანებული მხატვრობის ნაწილებია.
"მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებთ ასეთ, ყველასთვის გასაგებ
სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს
კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ
მდგომარეობაშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული
ნაწილი არის... საუბარია ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც ავიდა
დაუკითხავად ხარაჩოზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა განცხადება დღეს გააკეთა. მანამდე კი, კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათში
ხარაჩოებზე ასვლა აკრძალა.
სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის
დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც
შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
19 მაისს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში
ვიდეო გაავრცელეს. მათი თქმით, ტაძრის იატაკზე არსებული თეთრი
ფრაგმენტები დაზიანებული მხატვრობის ნაწილებია.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა
და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების
რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და
მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო
ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის
კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.
მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს
დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ
და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად
შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების
შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში
გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი
ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მასალის გამოყენების პირობები