ჭიათურის სოფელ შუქრუთში, პროტესტის უკიდურეს
ფორმას კიდევ ერთმა ადამიანმა მიმართა.
18 მაისს "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციის მიღების მოთხოვნით
კიდევ ერთმა ადგილობრივმა მა ამოიკერა პირი. კოროხნალის
მაღაროსთან ახლა შიმშილობას ხუთი აქტივისტი აგრძელებს.
შუქრუთის მოსახლეობას "ჯორჯიან
მანგანეზის" დაპირება, კომპენსაციების გაცემის შესახებ, არ სჯერა.
მათი თქმით, კომპანია ტყუის, როცა აცხადებს,
რომ საინჟინრო კვლევები ჩაატარა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების
ხარისხი შეისწავლა.
"სინამდვილეში არანაირი კვლევა არ
ჩატარებულა. ჩვენ არ გვჯერა ზეპირი დაპირების. ვიდრე პროცესში არ
ჩაერთვება სახელმწიფო და ოფიციალურად არ გაფორმდება ხელშეკრულებები
კომპენსაციებზე, პროტესტი გაგრძელდება. დღეს კიდევ ორი ადამიანი
ამოიკერავს პირს, ხვალიდან ქალებიც შემოგვიერთდებიან", - ამბობს
ჯანო ლაბაძე.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16
მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში
36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.
"ხვალიდან (17 მაისი) "ჯორჯიან
მანგანეზის" კონტრაქტორი კომპანია "შუქრუთი პლიუსი" მოსახლეობასთან
ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს. საინჟინრო
კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ
კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300
ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომპენსაციების გაცემის ვადებს,
ცნობილია, რომ თანხები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს", -
ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სოფელ შუქრუთში ადგილობრივები
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის
შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები
ზიანდება, 91-ე დღეა აპროტესტებენ. ერთი კვირის წინ
კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.
სამთვიანი
პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების
წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის"
წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები