17 მაისიდან ქუთაისის
მუნიციპალურ ავტობუსებში უკონტაქტო გადახდის სისტემა
ამოქმედდება.
პირველ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება
როგორც სპეციალურად დამზადებული ბარათით, ასევე, ნაღდი ფულით,
რომელსაც მგზავრი ამ მიზნით დამონტაჟებულ ყუთში ჩააგდებს.
უკონტაქტო ბარათის მფლობელები კი თანხის გადახდას
ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით შეძლებენ.
მგზავრობის ბარათები "თიბისი"
ბანკმა უკვე დაამზადა. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც
აღნიშნული ბანკის ფილიალებში, ასევე, "სპარის" და "დეილის"
ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათი 2 ლარი ეღირება და მას
მგზავრი თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით
შეავსებს.
სატრანსპორტო ბარათის პარალელურად,
მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის ღირებულების გადახდა შესაძლებელი
იქნება თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
ავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი
ეღირება.
გადახდის სრულად საბარათე სისტემაზე
მუნიციპალური ტრანსპორტი ერთ თვეში გადავა. ამავე პერიოდიდან
ამოქმედდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვისა და სტუდენტებისთვის
შეღავათები.
ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა
მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში
ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც
ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში
ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან
ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ
თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.
მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100
400 ლარი დაუჯდა.
ამავე თემაზე:
რაში დაიხარჯა პანდემიის დროს ქუთაისისთვის ნასესხები
მილიონები
მასალის გამოყენების პირობები