თითქმის სამი თვეა ჭიათურაში,
კოროხნალის მაღაროსთან, ადგილობრივებსა და "ჯორჯიან მანგანეზის"
თანამშრომლებს თანაარსებობა უწევთ.
მაღაროელები მუშაობენ, შუქრუთელები კი მათ მუშაობას
აპროტესტებენ. ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივები ცდილობდნენ
ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინათ და ეთქვთ, რომ პროცესი,
რომელსაც "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში აწარმოებს, მათ სახლებს
ძირს უთხრის და დანგრევით ემუქრება.
პროტესტის 85-ე დღეს კი შუქრუთელებმა ხელისუფლების ყურადღების
მიპყრობა პროტესტის უკიდურესი ფორმით - პირის
ამოკერვით სცადეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ განადგურებული სახლების
სანაცვლოდ სათანადო კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.
"მიწასთან გაასწორა სოფელი
და პასუხისმგებლობასაც არ იღებს. ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ ჩვენი
კერძო საკუთრების უპირობო და სამართლიან ანაზღაურებას. მოვიდნენ,
ჩაერთონ სახელმწიფოს წარმომადგენლები და ნახონ რა ხდება აქ",
- ამბობს სერგო მოდებაძე, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა
და პირი ამოიკერა.
"28 სოფელია მიწასთან
გასწორებული მას შემდეგ, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" აქ მოპოვებითი
სამუშაოები დაიწყო. ახლა თუ შუქრუთს აქვს ეს პრობლემა, მალე სხვა
სოფლებშიც იგივე მოხდება. მომდგარია უკვე ღია კარიერი სოფელ
პერევისასთან და იზრდება არეალი, სადაც მადანი უნდა მოიპოვონ.
პირდაპირ უწერია კომპანიას ხელშეკრულებაში, რომ აქვს უფლება ღია
კარიერული წესით მოიპოვოს მადანი.ეს არის შეუქცევადი პროცესი, რაც
ანადგურებს სოფელს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი
ნეფარიძე, რომელმაც ასევე პირი ამოიკერა.
რა ხდება შუქრუთში, სახელმწიფო არც მაშინ ინტერესდება, როცა
ადამიანები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. სამთვიანი
უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს მხოლოდ ინვესტორმა კომპანიამ უპასუხა
და თქვა, რომ მათგან, ვინც პირი ამოიკერა, ნაწილი შეთავაზებულ
კომპენსაციაზე უარს ამბობს, ნაწილს კი ეკომიგრანტის სტატუსი
აქვს.
"იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც
მოაწყვეს აქცია, ორი მათგანის მფლობელობა არის შეფასებული კერძო
აუდიტის მიერ. თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას. რაც შეეხება
მესამე პიროვნებას, აღნიშნული ოჯახი არის ეკომიგრანტი და 2018
წელს აღნიშნული ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით. გვრჩება
შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ", -
განაცხადა ვლადიმერ სალაძემ.
კოროხნალის მაღაროში პროცესი გრძელდება. კომპანია აქტიურად აგრძელებს
მადნის მოპოვებას.
დღეს შუქრუთში პირის ამოკერვისა და შიმშილობის დაწყების პირველი დღეა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ვიდრე კომპანია არ შეწყვეტს მათი სახლების
დანგრევას, უკვე მიყენებული ზიანისთვის კი სათანადო ანაზღაურებას არ
გასცემს, პროტესტი გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები