დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - ამის
შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან
ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე
მუშაობს, რა პროცესშიც სააგენტო რეკომენდაციების მისაღებად
საინვესტიციო საბჭოსაც მიმართავს.
საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმში არ წერია უშუალოდ რა სახის
ცვლილებების შეტანა არის კანონში დაგეგმილი.
შეგახსენებთ, საქართველოს 1,137,380 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო
დაგროვებით საპენსიო სისტემაშია ჩართული, რომლის ოპერატორიც
სახელმწიფო საპენსიო სააგენტოა. 2021 წლის 4 მაისის მდგომარეობით,
საპენსიო ფონდში უკვე 1.4 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 10.7%-იანი
საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის
ანუ სისტემის ამოქმედების შემდგომ, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს
140 მილიონი ლარის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა. ფონდში არსებული
თანხა თვეში საშუალოდ 47 მილიონი ლარით იზრდება.
მოქალაქეთა დაზოგილი თანხის 70% კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ
სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული, 30% კი ქართული
ბანკების მიმდინარე დეპოზიტებს წარმოადგენს.
საქართველოში საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო, 40 წელს
ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფილობითი იყო. საპენსიო სისტემაში
ჩართული თითოეული მოქალაქის ხელფასიდან 6% ირიცხება. უფრო კონკრეტულად
კი დასაქმებული საპენსიო ფონდში რიცხავს საკუთარი ხელფასის 2%-ს, 2%
ირიცხება დამსაქმებლის მიერ, რასაც სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუციაც
ემატება.
მასალის გამოყენების პირობები