ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშში ჯვარი
აღმართეს.
ქრისტიანული სიმბოლოს აღმართვა
მოძრაობა "ჯვაროსნული მსვლელობის" ინიციატივით მოხდა. ადგილზე
ჩავიდნენ და პროცესს დაესწრნენ რიონის ხეობის მცველებიც. ჯვრის
აღმართვის შემდეგ ადგილზე ათობით ადამიანისთვის სუფრა გაიშალა,
სადაც არ იყო დაცული კოვიდრეგულაციები.
ტვიშში
იმყოფებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე
სტეფანეც. ხეობის მცველებისა და მეუფე სტეფანეს ურთიერთობა
საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბზობის
დღესასწაულზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები
ჭყონდიდში ჩავიდნენ, სადაც ეპარქიის მსახური სასულიერო
პირები ახალ მეუფეს წინამძღოლად ამ დრომდე არ იღებენ. ხეობის მცველებს
მეუფის მიმართ მხარდაჭერა ღიად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა,
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ თქვეს, რომ ისინი მეუფე სტეფანეს,
როგორც ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მრევლს წარმოადგენენ.
მანამდე, მეუფე სტეფანემ ხეობის მცველებს ამბიონიდან ღია მხარდაჭერა
გამოუცხადა.
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის
წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტები, სოფელ
ნამოხვანში პოლიციის მიერ კარვების დარბევის შემდეგ,
ღამეებს გუმათჰესთან ათევენ.
ხელისუფლებასთან ჩაშლილი
მოლაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური
აქცია დააანონსეს. მანამდე, მათი თქმით, სხვადასხვა
ქალაქში შედარებით მცირე მასშტაბის აქციები გაიმართება და
პროტესტი იქნება უწყვეტი მანამდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს
არ დააკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები