ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 22-ე დღეა უწყვეტი
პროტესტი მიმდინარეობს.
სამოქალაქო ატივისტებს, რომელთა შორის
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, მერიის წინ
კარავი აქვთ გაშლილი.
აქტივისტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ და
აცხადებენ,რომ ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.
"ცივ დღეებში ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ
არაუშავს. ადგილობრივები გვეხმარებიან, საკვები მოაქვთ კეთილ
ადამიანებს. გუშინ განვითარებული მოვლენებით ჩვენთვის არაფერი
იცვლება. ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, პროტესტს არ
შევწყვეტთ", - ამბობს ნინო თვალავაძე.
აქტივისტები ღამესაც კარავში ათევენ. დღის
განმავლობაში მათ სხვებიც უერთდებიან.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, მერიის
ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო კარავი 27 იანვარს გაშალეს.
12 თებერვალს, აქციის მონაწილეებსა და აქტივისტებს შორის
დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 6 აქტივისტი
დააკავეს. ყველა დაკავებული უკვე თავისუფალია. სამს ჯარიმა დაეკისრა,
სამის პროცესი კი 23 თებერვალსაა ჩანიშნული.
რაც შეეხება გუშინ, 18 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს,
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტიდან
გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან ეს გადაწყვეტილება
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის
ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლას დაუკავშირა და განაცხადა,
რომ მას ამ საკითხზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და
რომ კანონის აღსრულება, თუ ის ქმნის პოლიტიკური ესკალაციის
შესაძლებლობას, მიუღებელია.
გახარიას გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა შსს-ს
განცხადება, რომლის მიხედვითაც უწყებამ ნიკა მელიას
დაპატიმრების ღონისძიება გადადო, თუმცა, რა ვადით,
უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის,
ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 17 თებერვალს
მიიღო.
უკვე ცნობილია გახარიას შემცვლელის ვინაობაც. მას პრემიერ-მინისტრის
პოსტზე თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები