ახალი ამბები
რას ამბობს მეუფე იოანე ნამახვანჰესის მშენებლობაზე
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ნამახვანეჰსთან დაკავშირებით  განცხადებას აკეთებს.

მიტროპოლიტი, რომელსაც ჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობა თვეებია პროტესტში თანადგომას სთხოვს, აცხადებს, რომ ერთი და იმავე საკითხის ან მოვლენის შესახებ ადამიანთა შორის ყოველთვის არსებობს აზრთასხვაობა. ამის მიზეზი კი ადამიანის სუბიექტურობა ან მიკერძოებაა.

,,სუბიექტურობის მიზეზია არასაკმარისი ცოდნა, მიკერძოების მიზეზი წინასწარი განწყობაა. ადამიანისთვის სიმართლე ღირსების შეგრძნების საფუძველია; ზოგიერთი კმაყოფილია იმითაც, თუ გარეგნულად ჩანს მართალი, ზოგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვაზე უფრო მართალია",
- ამბობს მეუფე იოანე.

მისივე განცხადებით, პროტესტის მონაწილეებს მიკერძოებული პროზიციები გააჩნიათ, რაც ეროვნული გრძნობებით მანიპულირებაა. ის  აცხადებს, რომ მას არ უნახავს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხეობა 99 წლით გასხვისდა.

"სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის. თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა.

ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი.

გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ეხლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს.

ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება.დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ, სწორი გზა ვიპოვოთ, რაც სათნო იქნება ღვთისათვის",
-  წერია მეუფის განცხადებაში, რომელსაც ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' თანადგომა გამოუცხადა და მოუწოდა ეპარქიის ტერიტორიაზე ჯვარი აღმართონ, მშენებლობის მოწინააღმდეგებს, ადამიანებს, რომლებიც 116-ე დღეა ღია ცის ქვეშ გამოხატავენ პროტესტს "სექსტანტებს" ადარებს.

სოფელ ნამოხვანში, სადაც აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას სამი თვეა აპროტესტებენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილობრივებს პოლიციამ ჯერ კარავის დაშლა მოსთხოვა, შემდეგ კი ჯვრისკენ მისასვლელი გზა ჩაუკეტა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით კარავიც დაშალეს და ჯვარიც მოხსნეს. კომპანია "ენკამ" კი სამთვიანი პაუზის შემდეგ, პოლიციის დახმარებით, ტერიტორიაზე ტექნიკა შეიყვანა და ჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

7 თებერვალს ჰესის მოწინააღმდეგეებმა მასშტაბური აქცია გამართეს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.

ამავე თემაზე:

"უფალმა ჯვარი მოთმინებით იტვირთა, არა პროტესტით" - მეუფე იოანე რიონის ხეობაში მოხსნილ ჯვარზე


"ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი" - მიტროპოლიტი სტეფანე ნამახავანჰესზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.