ახალი ამბები
შემცირებული ნობათი და გაფუჭებული პროდუქტი - რაში ხარჯავს ქუთაისის ბაღების გაერთიანება მილიონებს
FaceBook
ქუთაისის #5 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის ოჯახში, გაფუჭებული პროდუქტის მიტანის შესახებ ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნებას, სხვა მოზარდების მშობლების გამოხმაურება მოჰყვა.

აღსაზრდელების მშობლები ქუთაისიპოსტს უყვებიან, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებას მათთანაც მიაქვს გაფუჭებული საკვები, დეკემბრის თვეში კი მათი სახეობაც შეამცირეს. 9-ის ნაცვლად, რასაც ისინი რეგულარულად იღებდნენ, მხოლოდ 4 დასახელების პროდუქტი მიუტანეს. ესენია: 1 კგ. შაქარი, ერთი ქილა მაწონი, ერთი შეკვრა კარაქი და 2 კგ.კარტოფილი. ნობათში ასევე შედიოდა ერთჯერადი საახალწლო სასაჩუქრე შეფუთვა, სადაც ტკბილეული და რამდენიმე ცალი შოკოლადი იყო.

აღსაზრდელების მშობლები ძველი რაციონის დაბრუნებას და საკვები პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ.

"რაც მომიტანეს, ჯამში 5-6 ლარის იქნება. ეს არის ერთი თვის საკვები? ეს თანხა ჰყოფნით ბავშვებს ერთი თვის განმავლობაში? ანუ ამ ღირებულების საკვებს აჭმევენ ჩვენს შვილებს როცა ბაღში არიან? კარგი,  ჩემს შვილებს არ შიათ და არ მჭირდება მაგათი მწვანე კარტოფილი და ყველაზე დაბალხარისხიანი მაწონი, მაგრამ უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლებიც ამაზე არიან დამოკიდებული და იმათმა შვილებმა რა ქნან? ამაზე ფიქრობს ვინმე?", - ამბობს #4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი ნინო მეფარიშვილი.

"ჩვენ კარტოფილის,  შაქრის, კარაქის და მაწვნის გარდა არაფერი მიგვიღია.  სად და ვინ შეჭამა ჩვენი ბავშვების ულუფა?  ვინ არის ამაში დამნაშავე? გაგვეცით პასუხი", - ამბობს ქუთაისის  #31-ე ბაღის აღსაზრდელის მშობელი ფიქრია ხეცურიანი.

"თუკი არიგებენ და ამას აკეთებენ ბიუჯეტის ფულით, ხომ შეიძლება ხარისხიანი საკვები  მაინც იყოს?  ისეთი  კარტოფილი მომიტანეს,  შეურაცხყოფილი დავრჩი.  ბოდიში,  მაგრამ გაერთიანების უფროსს  მათხოვრები ხომ არ ვგონივართ? ეს არის დაცინვა და აგდება", - ამბობს მეხუთე საბავშვო ბაღის ფილიალის აღსაზრდელის მშობელი იზა ხუხია.
გაფუჭებული პროდუქტების დარიგებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

"ჯობდა არ დაგერიგებინათ, გეტყობათ როგორ აფასებთ მომავალ თაობას".

"ჩვენ პროდუქტში არც ზეთი იყო, არც პეჩენია არც პურის ფქვილი, არც კვერცხი და  არც მაკარონი".

"ზუსტად ასეთი უხარისხო კარტოფილი იყო პირველ ბაღშიც, გადავყარეთ და შევცდით, უნდა მიგვეტანა გაერთიანებაში", - წერენ აღსაზრდელების მშობლები სოციალურ ქსელში.



რატომ შეამცირა ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების სახეობა, ამაზე დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ  ნობათიდან ხუთი დასახელების პროდუქტის ამოღება აღსაზრდელებისთვის სასაჩუქრე ნაკრებების შეძენის გამო მოხდა.

"ყველა თეთრი იხარჯება მიზნობრივად. წელს გადავწყვიტეთ, სასაჩუქრე ნაკრები გადაგვეცა ბავშვებისთვის, ამიტომ ვერ მიიღეს ოჯახებმა ის 9 დასახელების პროდუქტი, რასაც ადრე ვარიგებდით. სამაგიეროდ, წელს მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და იანვრის თვეშიც, მაშინ როცა არდადეგებია, დავარიგებთ ნობათს სრული შემადგენლობით",- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ქუთაისის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანება" ყველა საკვებ პროდუქტს ტენდერის გზით ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვით შეიძინეს საახალწლო ნობათებიც, რაშიც 70 785 ლარი გადაიხადეს.

ჯამში, 2020 წელს გაერთიანებამ საკვებ პროდუქტებში, რომლითაც აღსაზრდელების ოჯახები უკმაყოფილო არიან, 1 633 925 ლარი დახარჯა. წლის მიწურულს კი საახაწლო ნობათი, რომელიც მოზარდებს საჩუქრის სახით დაურიგდათ, სინამდვილეში მათი საკვები რაციონის შემცირების მიზეზი გახდა.  

რეალურად, ბაღების გაერთიანებას სასაჩუქრე ნობათისთვის  ხარჯების შემცირება  არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან  პანდემიის გამო,  საჯარო ბაღებში, რომლებმაც მხოლოდ ერთი თვე იმუშავეს, სულ მცირე კომუნალური ხარჯების დაზოგვა მაინც უნდა მოეხერხებინათ. კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ შეამცირა გაერთიანებამ საკვები პროდუქტების სახეობა, მაშინ, როცა მისი წლიური ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.