ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც
უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგა, ადგილობრივ
ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
მერი დღეს რიგგარეშე სხდომაზე მივიდა. საკრებულოს არც ერთი
ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის ნიშნად სხდომებს არ ესწრება.
"ჩემს გუნდთან ერთად ვემიჯნები ყოველგვარი
სიძულვილის ენას, დამცირებას და მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდნენ
საკრებულოში. ჩემი მთავარი მიზანი არის საქმის კეთება და ვაკეთოთ ეს
საქმე ერთად, თუ ოპოზიციასაც ექნება ამის სურვილი. მიუხედავად იმისა,
რომ ჩემი უფლებამოსილების ვადა ხანმოკლეა, ყველაფერს გავაკეთებ
იმისთვის, რომ ქუთაისს დავამახსოვროთ ჩვენი გაკეთებული საქმეები", -
განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები
ერთ წელზე მეტია ბოიკოტის რეჟიმში არიან.
იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ასევე ისაუბრა ქალაქში
ახალი ავტობუსების შემოყვანასა და ფასთა სისტემაზე, თუმცა, მერიას
ჯერ არ აქვს დათვლილი რა ეღირება მგზავრობა და რა ტიპის
შეღავათები იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური
ჯგუფებისთვის.
რაც შეეხება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს, მერის თქმით, პროექტი,
რომელიც უკვე დაუბრუნდა საკრებულოს, ორიენტირებულია სოციალურ და
ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე. პანდემიის მიუხედავად, რეგიონალური
განვითარების ფონდში 12 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია
გაგზავნილი.
ქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ევროპული
სტანდარტების საცურაო აუზის, საფეხბურთო აკადემიის, სოციალური
საცხოვრისის რეაბილიტაციისა და ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის
პროექტის შესყიდვა დააანონსა. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ადგილობრივი
თვითმმართველობის შენობაში მედიისთვის მოეწყობა პრესცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები