ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც
ადგილობრივები მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, დღეს იმერეთის
გუბერნატორს ელოდებოდნენ, თუმცა, ზვიად შალამბერიძე ადგილზე არ
ჩავიდა.
აქციის მონაწილეები მხარის
რწმუნებულს შეთანხმების დარღვევში ადანაშაულებენ. მათი თქმით,
გუბერნატორი აქციაზე ერთადერთი მიზეზით არ მიდის - იგი საკითხის
მიმართ არაკომპეტენტურია და ამის დემონსტრირება არ სურს.
"პირადად ჩვენი პოლიციის უფროსს კოკა მაისურაძეს აქვს პირობა
დადებული, რომ დღეს აქ უნდა ჩამოსულიყო გუბერნატორი. ეს არის
ადამიანების მასხრად აგდება. ჩვეულებრივად გადაგვაგდო და იქედან
გვითვლის გინდ ხუთი, გინდ 10 კაცი მოდითო. წარმოდგენა არ აქვს რა
ხდება აქ, არაფერზე პასუხი არ აქვს და სწორედ ამიტომ არ უნდა მოსვლა.
გვიბარებს კაბინეტში, რომ ილაპარაკოს იმაზე თუ რა სიკეთეები მოაქვს
ჰესს. ამ გადაგდებას აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება.
გადავკეტავთ გზას და ტექნიკას არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას",
- ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენელი და
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ
გოლეთიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ ასევე მიიღეს დაპირება, რომ
სამუშაოები შეჩერდებოდა, თუმცა, კვლავ მოტყუებული დარჩნენ. თურქული
კომპანია ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას
უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი მზადაა ნებისმიერ მოქალაქეს
შეხვდეს, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში.
"გუბერნატორი ყოველთვის მზად არის ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს შეხვდეს
ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, ოღონდ კონტრუქციული დიალოგის
ფარგლებში", - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები ორ კვირაზე
მეტია სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას
აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანიამ ადგილზე
სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით დაიწყო, მათ არ აქვთ არც
გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ
ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე
სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც
მიაღწევს.
რიონის ხეობის "მცველები" ტერიტორიიდან კომპანია "ენკას" ტექნიკის
გაყვანას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. წინააღმდეგ
შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები