პოლიტიკა
გენდერული კვოტირება - დისკრიმინაცია თუ შესაძლებლობები პოლიტიკაში ქალებისთვის
FaceBook
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით სახელმწიფო ოფიციალურად დაუპირისპირდა სტერეოტიპს, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის.
ქაღალდზე დაწერილი სიტყვა საქმედ წელს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აქციონ.

მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დამტკიცდა 25%-იანი გენდერული კვოტირების მექანიზმი, რომლის მიხედვით, პროპორციულ პარტიულ სიებში პოლიტიკური პარტიები ვალდებული იყვნენ სულ ცოტა, ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი შეეყვანათ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებამ პარლამენტში ქალთა რაოდენობა 30-მდე უნდა გაზარდოს.

პოლიტიკურმა პარტიებმა წელს ვალდებულებას გვერდი ვერ აუარეს და ქალები საარჩევნო სიების პირველ ათეულში ყოველი მესამე ან ყოველ მეოთხე ნომრად მაინც ჰყავთ წარმოდგენილი.

1990 წლიდან( უზენაესი საბჭოს არსებობიდან) 2020 წლამდე, საკანონმდებლო მუშაობაში ჩართული ქალების რიცხოვნობა ყოველი მოწვევის პარლამენტში 25-ს ვერ გასცდა.

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი”  20 წელზე მეტია ქალთა უფლებებზე მუშაობს და ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციათაგან, რომლებიც ქალების ჩართვას პოლიტიკაში პოლიტიკურ პარტიებს როგორც არაფორმალურად, ისე საკანონმდებლო დონეზე წლებია სთხოვდნენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაცია ამბობს, რომ წამახალისებელი სისტემა თავის დროზე მმართველმა პარტიამ და შედარებით ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ გამოიყენეს, რადგან მათ ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ, დაბალბიუჯეტიანი პარტიები კი ტრადიციულად თამაშგარეთ დარჩნენ, რამაც პარლამენტში გენდერული დისბალანსი ვერ შეცვალა.

,,წამახალისებელი სისტემა შეიძლება გამოიყენონ იმ პარტიებმა, რომლებსაც ნაკლები რეიტინგი აქვთ და ცდილობენ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში და აიღონ დაფინანსება, ვიდრე დავუშვათ მათ ვისაც მეტი შანსი აქვთ. ასე იყო წინათ და ამან ვერ მოგვცა შედეგი. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, წამახალისბელი სიტემები თუ არის, ასეევე არის სანქციებიც. თუ ქალებს არ ჩასვამენ პარტიულ სიებში და ხდება მათი ფინანსური დაჯარიმება. ალბათ ჯობდა ეს ჩვენთანაც ჰყოფილიყო,“- ამბობს ელენე რუსეცკაია.

ახლა პარლამენტში 21 ქალია, 2020 არჩევნების შემდეგ მათი რიცხვი მინიმუმ 30 იქნება, მომდევნო არჩევნებზე კი ეს რიცხვი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.

როგორია ქალთა პოლიტიკური აქტივობა იმერეთში საპარლამენტო არჩევნების წინ?

ცესკოს მონაცემებით 2008-2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 50 ქალი აღმოჩნდა. თუმცა პოლიტკური პროცესებზე გავლენის მოხდენა რომ შეუძლიათ იმ პარტიებს ქალი კანდიდატები ნაკლებად ჰყავდათ. ეს კი როგორც ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრში“ აცხადებენ,  პარტიების ,,უკულტურობაზე“ მიუთიებს. როგორც ჩანს, სტერეოტიპის დამსხვრევა, ,,რა უნდა ქალს პოლიტიკაში“, საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკურ პარტიებსაც უჭირთ.

,,პოლიტიკური პარტიების კულტურა კი ამ მხრივს არ არის კარგად ჩამყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ 30 პროცენტზე მეტი ქალები, როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ, თავი წევრებს არ აწინაურებდნენ და ჩვენ ვხედავთ ქალებს, როგორც არევნების წინ აგიტატორებს, საოფისე საქმეებში ჩართულს და ა.შ,“- ამბობს ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.

ცესკოს მონაცემებით აღმოჩნდა, რომ 2008-დან 2020 წლის ჩათვლიოთ პოლიტკურ პროცესებში ჩართვის მსურველი მხოლოდ 50 ქალი და 281 კაცი აღმოჩნდა. იმერეთის მუნიციპალიტეტებს საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით ქალი წარმომადგენელი არ ჰოლიათ.






2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართულმა ოცნებამ"  ქვეყნის მასშტაბით კანდიდატად მხოლოდ ერთი ქალი, ნინო ლაცაბიძე დაასახელა, რომელიც კენჭს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში იყრის. სამაგიეროდ გვერდი ვერ აუარეს საარჩევნო კოდექსს, რომელიც გენდერულ კვოტირებას ითვალისწინებს და შედეგად, პარტიული სიის პირველ ათეულში მეოთხე ადგილზე თეა წულუკიანი, მერვეზე მარიამ ქვრივიშვილი, მეათეზე კი მაია ბითაძე ჩასვეს.

მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატი დაასახელა იმერეთში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საარჩევნო პროცესში 23 სექტემბერს უკვე წარდგენილი კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლევბის შედეგად ჩაერთო.





ის კენჭს ვანის,ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში იყრის. ,,ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ გენდერული კვოტირება ქალების პოლიტიკაში ჩართვას ხელს უწყობს. ამასთანავე იმ შეხედულებების, სტერეოტიპების დამსხვრევასაც, რომ ,,ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია.“

,,ჩვენ როგორ ქვეყანში ვცხოვრობთ, იცით? ჯერ კიდევ დღის წესრიგში რომ დგას საკითხი, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში. ყოველთვის მომხრე ვიყავი კვოტირების. ახალგაზრდებს, სტუდენტები რომ ნახავენ რა აქტიურები არიან ქალები საზოგადოებაში, მათაც დამატებითი მოტივაცია ექნებათ. თუ ნახავთ ჩემი და ჩემი კონკურენტიოს შეხვედრებს, ნახავთ, რომ იქ 80 პრპოცენტი კაცია, აქ - 80 პროცენტი ქალი. მომწონს ის, რომ ჩემს შეხვედრებზე ყანიდან მოპდიან, ყველაფერს სახლში ტოვებენ და გამორბიან იმიტომ, რომ რეალურად მგონია, რომ ქალებს შეუძლიათ ძალიან ბევრი. 90-იან წლებში საკუთარი მათ მხოლოდ საკუთარი შვილები კი არ გაარჩინეს, ქვეყანა გადაარჩინეს",- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის პირეველ ათეულში სამი ქალი ჰყავს შეყვანილი.

ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი იმერეთში ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსს“. პარლამენტში მოსახვედრად პროფესიით ექიმი ნინო ბრეგვაძე იბრძვის.



მაჟორიოტარობის კანდიდატის თქმით, ხალხის პრობლემებს კარგად იცნობს. ფიქრობს, რომ ქალების პოლიტიკაში აქტიური ჩართულობა პრობლმების გადაჭრას უფრო გაამარტივებს.

,,სავალდებულო კვოტრება ხელს შეუწყობს და წაახალისებს ქალების ჩართულობას პოლიტიკაში. ამას იმიტომ მივიჩნევ აუცილებად, რომ მათ უფრო დიდი ენთუზიაზმი აქვთ. ჩვენ უფრო გულთან მიგვაქვს პრობლემები, უფრო კარგად ვინობთ მათ და შეძლებისდაგვარად შეგვიძლია თითოეულ გაჭირვებულს გვერდით დავუდგეთ",
- ამბობს ნინო ბრეგვაძე.

საარჩევნო სიაში ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსმა“ პირველ ნომერად ქალი შეიყვანა. მარიამ ჯაში ათეულის პირველი ნომერია.

,,ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი პარტიაა, რომელმაც იმერეთის ყველა საარჩევნო ოლქში ქალი კანდიდატები წარადგინა.  ანა ბიბილაშვილი - ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატია.



ისიც პირველადაა ჩართული აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამბობს, რომ სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ბევი ქალიც უარყოფითად უყურებს, რადგან ეს ერთგვარად პოზიტიურ დისკრიმინაციად აღიქმება.

,,მე არ მაქვს განცდა რომ ვინმესგან ხელშეწყობა მჭირდება წარმატების მისაღწევად, არც პოლიტიკურ და არც პროფესიულ საქმიანობაში. პროფესიულ ცხოვრებაში კვოტირებას შეურაცხყოფადაც მივიღებდი, მაგრამ როდესაც საქმე შენი ქვეყნის მომავალს ეხება და იცი შეგიძლია ძალიან ბევრი გააკეთო სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის. უბრალოდ, მნიშვნელობა აღარ აქვს პიროვნულად რა არის მისაღები და რა არა. ფაქტი არის, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში. ასევე ფაქტია, რომ ქალებს დიდი შესაძლებლობები გვაქვს და ძალიან ბევრ გამოწვევაზე შეგვიძლია სწორად ვუპასუხოთ. თუ ამისთვის კვოტირება ყველაზე მოკლე გზა არის, მაშინ ასე იყოს,"- ამბობს ანა ბიბილაშვილი. 

,,ლელოს" პარტიული სიის მეოთხე ნომერი და ქუთაისის მაჟოროტარობის კანდიდატია ანა ნაცვლიშვილი. 



საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას როგორც კანდიდატი პირველად იღებს. ფიქრობს, რომ ქვეყანაში ქალების ხმა ხშირად დაკარგულია,  ამიტომ გენდერული კვოტირების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ პარლამენტიდან უფრო მეტი ქალის ხმა გაჟღერდება.

,,ვემხრობი ამ სისტემას, როგორც დროებით ღონისძიებას. ვთვლი, რომ მეტი ქალი გვჭირდება პოლიტიკაში, ვიდრე ეს კვოტის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. ქალებს განახვავებული და საჭირო პერსპექტივა შეგვიძლია შემოვიტანოთ პოლიტიკაში, უფრო მეტად ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე, კონსენსუსზე, ზრუნვაზე და არა დაპირისპირებაზე. პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, უნდა იყოს მისი ამომრჩევლის ხმა და სახე, თითოეულმა მათგანმა უნდა გაიაზროს, რომ არის დაქირავებული მუშა, რომელიც საქმის საკეთებლად დაიქირავეს და არა ცარიელი სავარძლის შესავსებად",- ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

პარლამენტის დეპუტატის მანდატის მეორედ მოპოვებას ამჯერად ,,ლელოს" სახელით საჩხერე, ჭიათურა ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქიდან შეეცდება  ანი მიროტაძე.



ის საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი 2012 წელს ,,ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა.

იმერეთში წარდგენილი ქალი კანდიდატებიდან ის ერთადერთია, ვისაც პარლამენტში მუშაობის გამოცდილება აქვს. ფიქრობს, რომ გენდერული კვოტირება ქალების პოლიტიკაში ჩართულობას ხელს შეუწყობს. ქალების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხი მწვავედ განსაკუთრებით რეგიონებში დგას. 

,,კვოტირებასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება.სულაც არ მინდა კვოტირების გამო ვიყო სადღაც,  ვინმესთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში.  იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ეს არის დროებითი ნორმა და რომ ხდება მხოლოდ წახალისება ქალბატონების, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი შესაძლებლობები, მაგრამ ამ შესაძლებლობების რეალიზება პოლიტიკაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამ მხრივ დადებით კონტექსტში განვიხილავ. განსაკუთრებით მაინტერესებს თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ასევე ეხება კვოტირება. აქაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქალები იყვნენ ხელმძღვანელ პოზიციებზე. ვფიქრობ, რომ ბევრ ქალს გამოაჩენენ პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში,"- განაცხადა ანი მიროტაძემ.  

,,ლელოს" პარტიული სიის პირველ ათეულში ორი ქალია წარმოდგენილი. 

ორი ქალი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი იმერეთში ,,პროგრესულ საქართველოს“. ქუთაისელთა გულის მოგებას ირინე საღინაძე შეეცდება.




ის ადვოკატია სისხლის სამართლის მიმართულებით. როგორც კანდიდატი არჩევნებში პირველადაა ჩართული. ფიქრობს, რომ სავალდებულო კვოტირება ერთგვარი შესაძლბლობაა ქალებისთვის, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში.

,,კვოტირებას,რა თქმა უნდა ერთგვარი შესაძლებლობა და სტიმულია ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდისთვის,რაც კეთილგონივრულად გამოიყენეს კიდეც ქალბატონებმა,თუ გავითვალისწინებთ მათ რიცხოვნობას 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ვუსურვებ წარმატებებს.“- ამბობს ირინე საღინაძე.

სამართალმცოდნეა ასევე ,,პროგრესული საქართველოს“ მეორე ქალი კანდიდატი ტყიბული, თერჯოლა,ზესტაფონი, ბაღდათის ოლქში. ნინო მეფარიშვილი პოლიტიკაში პირველად ერთვება.



კოლეგის მსგავად ისიც ფიქრობს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ძლიერი იურისტები და ეკონომისტები უნდა იყვნენ და რათქმაუნდა უნდა იყვნენ ქალები.

,,გენდერული კვოტირება ვთქვლი, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის პოლიტიკური კულტურა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია პოლიტიკაში და ამიტომ კანონი ავალდებულებს ამას მათ. მომავალში, როდესაც ამის პოლიტიკური კულტრურა იქნება შეიძლება აღარ იყოს საჭირო დავალდებულება. 220 პარტიია დაა ათეულების წარდგენაში ქალები მაინც უმცირესობაშ არიან. პირველ ატეულში 2-3 ქალია მაქსიმუმ. ნახეთ სადმე პარტია სადაც 8 ქალი და 2 კაცია? არა. ამიტომ, სანამ ამის კულტურა დამკვიდდრდება, ეს არის პოზიტიური ცვლილება ქალებს დაეხმარება,“- ამბობს ნინო მეფარიშვილი.

,,პროგრესულ საქართველოს“ პარტიული სიის პირველ ათეულში ორი ქალი ჰყავს შეყვანილი.

ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს იმერეთში წარდგენილი ,,ქართულ მარშს“. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნანა ცაგურია კენჭს სამტრედია,წყალტუბო, ვანი, ხონის ოლქში იყრის.



მაჟორიტარობის კანდიდატი თვლის, რომ ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში ისტორიულად დიდია, თუმცა არის თანამდებობები, რომლებიც მისი აზრით ქალმა არ უნდა დაიკავოს.

,,რაზეა ლაპარაკი საერთოდ, როდესაც მე-12 საუკუნეში საქართველოს ჰყავდა მეფე ქალი , რომელაც ქვეყანა აყვავებული დატოვა. მან მოლაპარაკებებში ჩართო ქალები და შეძლეს ომის არიდება ქვეყნისთვის. მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან ქალები მშვიდეობისკენ ვართ მიდრეკილი. არის გარკვეული თანამდებობები, სადაც არ შეძლება ქალი იყო ხელმძღვანელი. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი რომ იყო თინა ხიდაშელი, ეს იყო კატასტროფა. ქალი არ მიმაჩნია სწორად რომ ძალოვან უწყებებში იყოს მაღალ თაბამდებობაზე, მაგრამ ქალი რომ იყოს მაგალითად ფინანსთამინისტრი, ის უფრო კარგად წაიყავნს ქვეყნის საქმეს, ვიდრე კაცი,“- ამბობს ნანა ცაგურია.

,,ქართული მარშის“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში ორი ქალი, მეოთხე და მერვე ნომრად არის შეყვანილი.

პირველად ჩაერთო არჩევნებში როგორც კანდიდატი, პროფესიით ექიმი, ნონა ასათიანი. ის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ,,პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა.

სხვა კანდიდატების მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამაშინ კი გენდერული კვოტირება მათ ხელს უწყობს.

,,ეს სტიმულის მომცემი იქნება ყველა ქალბატონისთვის, რომლებსაც გამბედაობა არ ყოფნით ჩაერთონ სხვადასხვა პროცესში. მიმაჩნია, რომ როგორ პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროშიც ქალებს შეუძლიათ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ მამარობითი სწესის წარმომადგენლებს. ასევე გასათვალისწინებელია, ოჯახური ძალადობის სტატისტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე ნუგეშის მომცემია. სწორედ ამიტომ, ქალთა სქესის წარმომადგენელთა პოლიტიკაში ჩართულობა, საკანონმდებლო დონეზე, ხელს შეუწყობს შესაბამი კანონპროექტების შემუშავებას, რომელიც მათ თავიანთი რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს.მნიშვნელოვანია ქალთა პროფესიული განვითარება, რაც უფრო ინტეგრირებულია ქალი საზოგადოებაში, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ იგი გახდეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი,“- ამბობს ნონა ასათიანი.

,,პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ ათეულში სამი ქალია, სიის პირველი ნომერია პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ირმა ინაშვილი.

ორი ქალი ჰყავს პარტიული სიის პირველ ათეულში შეყვანილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ,,ქართული ფესვები.“ სიის მერვე ნომერი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატია ნათია ჯიმშელეიშვილი.


არჩევნებში ისიც პირველად მონაწილეობს როგორც კანდიდატი. ფიქრობს, რომ ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის მეტი განვითარების მომტანია. მათ აქტიურობას კი ხელს სავალდებულო გენდერული კვოტირება უწყობს.

,,გენდერული კვოტირება რათქმაუნდა ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდას, საქართველოში განათლებული და ინტელექტუალურად მაღალი დონის ქალბატონები არსებობენ, მათი რესურსი დიდად მბიშვნელოვანია ქართული პოლიტიკის განვითარებაში.თუკი ქალსა და მამაკაცს სასტარტო პოზიცია თანაბარწილად მიეცემა პოლიტიკურ ასპარეზზე, ვფიქრობ გაცილებით კარგ შედეგს მიიღებს ქვეყანა განვითარების თვალსაზრისით,“- ამბობს ნათია ჯიმშელეიშვილი.

საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის სახელით პარლამენტში მოხვედრა სურს ,,ქართული იდედან“ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, ზინა გველესიანს.



არჩევნებში მეორედ მონაწილეობს როგორც კანდიდატი და თვლის, რომ ქალების პოლიტიკაში ჩასართავად სავალდებულო გენდერული კვოტირება არასასურველი ფორმაა, თუმცა ამბობს, რომ ქალების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

,,ქალების პოლიტიკაში ჩართულობა ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლის. სხვანაირად შეუძლია ქალს ბევრი რამის გაკეთება. პოლიტიკაშიც მოახერხებენ თავისი სიტყვის თქმას. კვოტების დაწესება ქალების პატივისცემა არ მგონია. არ იყო ოთხი წლის წინ კვოტირება და მაინც ვიყავი კანდიდატი. არასდროს მქონია შემთხვევა ვინმე ჩემს წინ წასულიყო იმიტომ, რომ კაცია. პიროვნულად უნდა იყოს ადამიანი დაინტერესებული პოლიტიკითცუნმნეს ხათრით რომ ჩაეწერები სადღაც სიაში ქალი იქნება თუ კაცი იქნება რეალურად შედეგს ვერ დადებს. ვერ გეტყვით, რომ ეს ქალების რაოდენობას გაზრდის პარლმენტში. შეიძლება მოგვიტანოს რამდენიმე ზარმაცი პოლიტიკოსი ქალი,“- ამბობს ზინა გველესიანი.

დეპუტატის მანდატის მოპოვება ქუთაისის სახელით სურს ,,ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან” თეა ერგემლიძეს, „შეცვალე საქართველოდან“თამარი ჯინჭველაძეს, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრში“ ამბობენ, რომ ქალების პოლიტიკური აქტივობა და გენდერული კვოტირება აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  მაინც მნიშვნელოვან მიღწევად ფასდება.

,,ქალთა ორგანზიაციებს ჰონდათ გენდერული კვოტების იდეა და 6 მცდელობა პარლამენტში, რომ ეს საკითხი გასულიყო. ერთია როდესაც თვითონ დეპუტატი აკეთებს ინიცირებას და მეორე როდესაც კანონპროექტი არასამთავრობოებს შეაქვს. ჩვენ გვქონდა თითო წარდგენაზე 32 ათას 400-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერა და ეს არ იყოს მხოლოდ ბრმა ხელმოწერა. ,,ქალს რა უნდა პოლიტიკაში“ - ამას  ხშირად გაიგონებთ. შუშის ჭერი და სტერეტიოპები ისევ არის, მაგრამ მას ხელს აწერდა ის ადამიანი, ვინც ამ კითხულობდა და ეთანხმებოდა.“- ამბობს ელენე რუსეცკაია.

რადგან პოლიტიკას ძალაუფლებისთვის ბრძლასაც უწოდებენ, ორგანიზაციაში თვლიან, რომ უმჯობესია ეს ძალაუფლება თანაბრად გადანაწილდეს, რათა რიგი საკითხების გადაწყვეტა უფრო სამართლიანად მოხდეს.

,,როდესაც პარლამენტში ჭარბობენ კაცები და უმცირესობაში მყოფ ქალს ის საკითხი გააქვს, რაც შეიძლება ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მას უჭირს საკითხის ბოლომდე გატანა. შეიძლება კაცი დეპუტატები არ თვლიდნენ იმ კონკრეტულ საკითხს იმ მომენტში უფრო სენსიტიურად. ამიტომ ვხედავდით კვოტებს გამოსავლად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ხვალ მეტი ქალი მოვა პარლამენტში ყველაფერი დალაგდება და იდელაურად იქნება. პირველ რიგში ეს უთანასწორობა აღმოიფხვრება და შემდგომ შეიცვლება დღის წესრიგიც,“- აცხადებს ელენე რუსეცკაია.

მართალია, არსებული კვოტირების სისტემა და წამახლისებელი ფინანსური მოდელი ის, არ არის რასაც არასამთავრობოები ითხოვდნენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს შუშის კედლის გარღვევაა ქართულ პოლიტიკაში. ,,თუ იყვნენ ადრე წინააღმდეგი გენდერული კვოტების, დღეს სხვა რიტოირიკით საუბრობენ, აწყობენ შეხვედრებს სადაც გვეტაპიჟებიან და ქალთა საკითხებზე გვესაუბრებიან, გვეუბნებიან რა პრობლემებია და რაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ. არის პარტები, რომლებსაც აქვთ შექმნილი ქალთა ფრთა. რეალურად იმ ქმედებებმა, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო გამოღო შედეგი და ცნობიერების შეცვლა დაიწყო,“- აცხადებენ ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრში“.

არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში გენდერული დისბალანსის სრულად აღმოფხვრას არ ელოდებიან, თუმცა რადგან საკანონმდებლო ცვლილებებმა პარტიები სტერეოტიპებს იძულებით დაუპირისპირა იმედოვნებენ, რომ გენდერული დისბალანსი ცოტათი გაუმჯობესდება. მეტ იმედებს კი 2024 წლის არჩევნებისთვის ამყარებენ, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.




ავტორი: ანა ჯიქია Discover unparalleled excitement in the world of online sports betting with Melbet Bookmaker! Elevate your gaming experience with a cutting-edge platform that combines user-friendly design and a vast array of sports markets. From thrilling live betting options to competitive odds, JeetBuzz Bookmaker offers a dynamic environment for both seasoned bettors and newcomers alike. Unleash the thrill of victory as you explore a diverse range of sports, from football and basketball to cricket and beyond. Join the winning team at JeetBuzz Bookmaker and elevate your sports betting journey today!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.