ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტში, სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების წესების დაცვის
გარეშე მიმდინარეობს.
ობიექტზე დასაქმებულებს ჩაფხუტი არ
ახურავთ, ნაწილს არც სპეცფორმა აცვია.
საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში, ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ
მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.
"თუკი არის უსაფრთხოების დარღვევა
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ და ეს დადასტურდება, ცხადია,
კანონით და კონტრაქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება",
- ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
წარმომადგენელი, გიორგი კოპალეიშვილი.
კითხვებზე ამ დრომდე არ უპასუხიათ ფონდ "ქართუში".
დამსაქმებელს დასაქმებულების უსაფრთხოების წესების დაცვას შრომის
უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებლებს.
"დამსაქმებელია ვალდებულია: შეამოწმოს
შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და
მოახდინოს მისი დოკუმენტირება; უზრუნველყოს
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების
მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და
საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეცვალოს ისინი", -
ვკითხულობთ დოკუმენტში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ
გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
ე.წ. მუხრანის დასახლებაში,
საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია,
შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა გრძელდება. ჯერ არაშენებულ უნივერსიტეტში, სტუდენტების
მისაღებად ღია კარის დღე
უკვე გაიმართა, თუმცა,
თბილისში.
60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის
მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს
აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს
მიიღებდა.
მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020
წლისთვის გადიწია, დაანონსებული 60 000 სტუდენტის ნაცვლად
კი, წელს უნივერსიტეტი მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას
გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები