წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის
დირექტორის ყოფილი მოადგილე აკაკი ტყეშელაშვილი, თანამდებობაზე
აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც მან პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა,
სკოლის დირექტორი ერთ თვეზე მეტია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
გადაწვეტილებას არ ასრულებს. დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი
ბენიძეს მის მიმართ დისკრედიტაციაშიც ადანაშაულებს და სასამართლოში
უჩივის.
"თვენახევრის დანიშნული უნდა ვიყო უკვე, მაგრამ
დირექტორი მეუბნება, რომ არაფერი იცის ამის შესახებ. წარვუდგინე
ასლები, სასამართლოს გადაწყვეტილება, აღსრულების ფურცელი, ვაცნობე
წერილობითაც, მაგრამ უარს ამბობს აღდგენაზე. სასამართლო პროცესების
პარალელურად, იგი ჩემს მიმართ ახორციელებდა ცილისმწამებლურ კამპანიას,
რომელიც ემსახურებოდა ჩემს დისკრედიტაციას. საჯაროდ აცხადებდა, რომ მე
ვიყავი კრიმინალი და რომ იარაღის მუქარით ჩემს თანამშრომლებს
ვაიძულებდი ჩემს სასარგებლოდ მიეცათ ჩვენება. ამ მასალებს
მივაწოდებ პროკურატურას და მოვითხოვ საქმის აღძვრას ცრუ
ბრალდებებზე",-ამბობს აკაკი ტყეშელაშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი
ტყეშელაშვილის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს"
იურისტი ზვიად ცირეკიძე იცავდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე
მას უფლებადამცველი ნინო მეფარიშვილი წარმოადგენს.
"სასამართლო პროცესებს ესწრებოდა მხარე და
შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწვეტილების შესახებ, მაგრამ
ფაქტია, რომ ეს ადამიანი კანონს არ ცნობს, დოკუმენტი წინ უდევს და
ამბობს, რომ არ იცის ამის შესახებ. მან არ აღასრულა სასამართლოს
გადაწვეტილება და ეს უკვე არის კონკრეტული დანაშაული, რაზეც ჩვენ
მივმართავთ პროკურატურას",-ამბობს ნინო მეფარიშვილი.
აკაკი ტყეშელაშვილი მის ყოფილ უფროსს
ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან ამავე სკოლაში კონკურსის
გარეშე დაასაქმა მისი მეუღლე. რაც შეეხება ერთი წლის წინ სკოლიდან მის
გათავისუფლებას, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, სკოლის
შენობაში გათბობის სისტემის არასწორ მონტაჟზე მის მიერ ღიად საუბარს
უკავშირდება. დირექტორის ყოფილი მოადგილე განათლების მინისტრს სკოლაში
არსებული ვითარებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ბრალდებებს უარყოფს #2 საჯარო სკოლის დირექტორი.
გიორგი ბენიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ
ჩაბარებია. რაც შეეხება მისი ყოფილი მოადგილის მიმართ ცილისმწამებლურ
კამპანიას, სკოლის დირექტორი არ უარყოფს, რომ აკაკი
ტყეშელაშვილის მიერ, იარაღით პედაგოგებზე მუქარის შესახებ მედიასთან
ისაუბრა, თუმცა, აცხდებს, რომ მან ეს სასამართლოზე მასწავლებლების
მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით თქვა და არა პირადი ინფორმაციის
საფუძველზე. სკოლის დირექტორი არც სკოლაში მისი მეუღლის დასაქმებას
უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას თავად აკაკი
ტყეშელაშვილი დაეთანხმა.
"ამ დრომდე მე სასამართლოს გადაწყვეტილება არ
ჩამბარებია და როგორც კი ჩამბარდება, ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება მის მიმართ ცილისწამების ბრალდებას, მე ვთქვი, რომ თავად
პედაგოგებმა მისცეს ჩვენებები, რომ აკაკი ტყეშელაშვილი მათ სიცოცხლის
მოსპობით ემუქრებოდა. როცა ჩემს მეუღლეზე საუბრობს, შევახსენებ, რომ
მას აქვს პირადად მონაწილეობა მიღებული იმ კონკურსში, რომლის
დროსაც, ჩემი მეუღლე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება
პედაგოგის კვალიფიკაციით, სკოლაში დაინიშნა",-ამბობს გიორგი
ბენიძე.
სკოლის დირექტორი სკოლაში გათბობის სისტემაზეც
საუბრობს და ამბობს, რომ საკითხი აუდიტის სამსახურმა შეისწავლა,
თუმცა, დარღვევა ვერ იპოვა.
მასალის გამოყენების პირობები