ქუთაისში, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა
ოჯახებში, სადაც პანდემიამ კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კვალი
დატოვა, ისეთი ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების შეძენა უჭირთ,
როგორიცაა მაგალითად, საპონი.
,,კორონავირუსის შემდეგ,
ყველანაირად გაგვირთულდა ცხოვრება. ახლა, მთავარი პრიორიტეტი
გამოკვებაა. არც გვრჩება ფული ჰიგიენური საშუალებების საყიდლად. მით
უმეტეს, როცა ფასებმა ასე მოიმატა".
ლინდა ერთ–ერთი მათგანია, ვინც დანარჩენ დევნილ ოჯახებთან ერთად,
ქუთაისში, ლეჟავას ქუჩაზე, ამორტიზებულ შენობაშია შესახლებული.
მართალია, ესმის პანდემიურ პერიოდში ჰიგიენური საშუალებების
მნიშვნელობა, თუმცა, მათი სრულფასოვნად შეძენა დღემდე ვერ
მოახერხა.
ლინდას და ლინდას მსგავსად, უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილები,
ჰიგიენური საშუალებებით დღეს, ქველმოქმედების ფარგლებში
მოამარაგეს.
დევნილები ლეჟავას ქუჩიდან
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო ხსნარები,
ნიღბები, ხელთათმანები და სხვა დამცავი საშუალებები - საქველმოქმედო
ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ქუთაისის 25
კოლექტიურ ცენტრში მიიტანეს.
ჰიგიენური საშუალებების თითოეული კომპლექტი, რომელიც დევნილ ოჯახებს
გადაეცა - 300 ლარის ღირებულებისაა.
,,კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში,
ასეთივე დახმარება იმერეთის მასშტაბით, ჯამში 100 კომპაქტურ
დასახლებაში დარიგდება. ეს ხალხი საერთო საცხოვრებლით სარგებლობს,
ამიტომ, ინფექციის
გავრცელების რისკიც მეტია.
ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებმა საიმედო, უსაფრთხო გარემოში იარსებონ",
- ამბობს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის"
კოორდინატორი, მათე ჩაფიჩაძე. მისივე თქმით, დევნილ ოჯახებს პირველადი
საკვები პროდუქტებითაც ეხმარებიან.
ამავდროულად, არიგებენ ჰიგიენის დაცვის შესახებ სტიკერებს
სადარბაზოებში გასაკრავად.
გარდა ამისა, ხდება საერთო სველი წერტილების რეაბილიტაცია. სწრაფი
რეაგირების ჯგუფი ყველა სამიზნე დასახლებაში ატარებს სადეზინფექციო
სამუშაოებს.
პროექტი, რომლის მიზანიც მოწყვლადი ჯგუფების ვირუსისგან დაცვაა,
გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება.
ქუთაისსა და იმერეთის გარდა, პროექტში ჩართულია სამეგრელო და შიდა
ქართლი.
ცენტრი ,,აფხაზეთის" ინფორმაციით, საქართველოში 40 ათასი
დევნილი საცხოვრებლად უვარგის, სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში
ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები