28-29 თებერვალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
(KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველ პრეზენტაციას
მართავს, სადაც აბიტურიენტებს მოიწვევს.
მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერებები - 2020-2021
სასწავლო წლებში უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ამ
პროგრამებზე სწავლა შეეძლებათ.
"დღეს და ხვალ გვაქვს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას N11 პავილიონში ჩვენი
უნივერსიტეტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღოთ დეტალური
ინფორმაცია საუნივერსიტეტო სივრცისა და აკადემიური პროგრამების
შესახებ", - ამბობს KIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
მენეჯერი, გიორგი კოპალეიშვილი.
გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი
კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით
გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს.
ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა ექსპო
ჯორჯიაში 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა
დაჯილდოებით დასრულდება.
უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და
სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველად იღებს მონაწილეობას.
საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა
ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“
თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წელს,
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზეიმოდ
ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ პრეზენტაციაზე
უნივერსიტეტის მაკეტიც წარმოადგინეს და თქვეს,
რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას
შეძლებდა.
წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის
მასშტაბები და სასწავლების სახელწოდებაც. ჯერ დაპირებული 2019 წლის
ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს
გადაიტანეს, შემდეგ კი ჯერარაშენებული უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ
მურღულიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე
სამუშაოები პროექტის მიხედვით 15 000 სტუდენტზეა გათვლილი,
თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი გამოცდების პირობებში, პირველი
აკადემიური რესურსი, სავარაუდოდ, მხოლოდ 2000 სტუდენტი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები