ქუთაისში, აფთიაქების ნაწილში სამედიცინო
ნიღბების დეფიციტია, ნაწილი ე.წ. პირბადეს თითქმის გაოთხმაგებულ ფასად
ყიდის, რამდენიმე აფთიაქი კი შეზღუდული რაოდენობით
გასცემს.
95 თეთრი ღირს ერთი ცალი სამედიცინო ნიღაბი ერთ-ერთ კერძო აფთიაქში,
შედარებით იაფია ნიღაბი ქსელურ აფთიაქებში, 50 თეთრია ერთი პირბადის
ფასი „ავერსის“ აფთიაქში, PSP კი ერთ ჯერზე მომხმარებელზე
მხოლოდ ხუთ ცალ სამედიცინო ნიღაბს გასცემს, თუმცა, მათი ჯამური
ღირებულება მხოლოდ 0.75 ლარია. აფთიაქებში რიგები არ
შეინიშნება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს
მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან
გუშინ ჩამოვიდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟოდან
გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას
სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის
ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით
მოქალაქეებს ურჩევს აუცილებელი შემთხვევის გარდა, არ გაემგზავრონ იმ
ქვეყნებში, სადაც ვირუსის ეპიდემიის საფრთხე მომატებულია, თავი
შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ხშირად დაიბანონ ხელები,
საჭიროების შემთხვევაში ატარონ სამედიცინო ნიღაბი, დაიცვან პირადი
ჰიგიენა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ
სამედიცინო დაწესებულებას.
ნახეთ
როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან -
სპეციალისტის რჩევა
მასალის გამოყენების პირობები