სოფელ მანდაეთში, ტყის განაპირას ხის პატარა სახლი დგას ეულად. თოვს. ბუნების სიმშვიდეს არაფერი არღვევს.
შუშაბანდიანი ოდიდან შეშის ღუმლის ტკაცა-ტკუცს თუ გაიგებ. სახლი ძველია, თუმცა ასაკით მის ბინადრებს ბევრად ჩამოუვარდება. ნოე მუმლაძე და მარუსა ციცვიძე 100 წლის არიან.
ქორწინებაში 70 წელზე მეტი იცხოვრეს. მათი სიყვარულის ისტორია კიდევ უფრო მხცოვანია. ოდა ქორწინების მერე ააშენეს. აქ ხუთი შვილი, 11 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი გაზარდეს. ახლა მარტო ცხოვრობენ. ჟრიამული მანდაეთის ტყის პირას მხოლოდ ზაფხულობით ისმის. მანამდე კი ჭიათურიდან შვილი სტუმრობს ყოველკვირეულად. დანარჩენ დროს მოხუცები ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებენ.
''დილით ჯერ წამოდგომაში
ვეხმარებით ერთმანეთს, შემდეგ საჭმელს ვაკეთებთ, ვალაგებთ,
ვმუსაიფობთ".
ნოე ბაბუს თითქოს სახე ეცვლება, როცა მარუსას გაცნობას და სკოლის
მერხიდან მისი შეყვარების ამბავს იხსენებს. ამბავს, რომელიც თითქმის
საუკუნეს ითვლის.
მოსაყოლი ბევრი აქვთ, თუმცა
საუბარი მალე ღლით. ნოე ბაბუ ყვება რომ მათი შეუღლება ხანგრძლივი
განშორებით დაიწყო.
2020 წლის 1 იანვარს მოხუცებს 100 წლის იუბილე გადაუხადეს. ნოე ბაბუს დაბადების დღეს ერთად აღნიშნეს საუკუნის მითვლა. ამ დღეს ცოლ-ქმარმა ოჯახიც მოისიყვარულა და სამეზობლოც. წყვილმა საჩუქარი ჭიათურის მერიისგანაც მიიღო. მარუსა ბებოს დღეობაზე კი, ივნისში, შვილებმა საჩუქარი გაუკეთეს და მშობლების საუკუნის სიყვარული და ცოლ-ქმრობა ჯვრისწერით დააკანონებინეს.
მასალის გამოყენების პირობები