ფეხბურთის ფედერაციის მიერ, კრიზისში მყოფი საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთვის“ მიცემული ვადა დღეს იწურება.
„უკვე ვეჭვობ აქედან რამე გამოვიდეს. პირველ
მარტს თამაში გვაქვს და გუნდი არ გვყავს. ისიც არ ვიცით, საერთოდ
ვიქნებით თუ არა ლიგაში. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. თქვეს,
რომ პირობითად, დღეს და ხვალ ლიცენზიას არ ჩამოგვართმევენ,
მაგრამ თუ დროულად არ გადაწყდა საკითხი, რა აზრი ექნება მერე
შეთანხმებას?“
კლუბის დროებითი მმართველი ამ დრომდე არ შეხვედრია ინვესტორს. ამბობს,
რომ მოლაპარაკებებს მერია აწარმოებს და პროცესში მის მონაწილეობას
აზრი არ აქვს.
„მე მერიის გარეშე მაინც ვერაფერს გადავწყვეტ და რა აზრი აქვს შეხვედრას? ვიცი, რომ სავარაუდოდ, ოთხშაბათს კიდევ აპირებს ჩამოსვლას ინვესტორი“,-ამბობს კლუბის დროებითი მმართველი.
იტალიელ ინვესტორთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.
ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ კლუბის
ლიცენზირების საკითხი შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა, თუმცა,
კონკრეტული ინფორმაცია თუ როდემდე გაუხანგრძლივდა ვადა
"ტორპედოს", უცნობია.
პასუხებს ელიან „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრებიც, რომლებმაც საკითხის
დროულად არგადაწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ზომების
გამოყენება დააანონსეს. გულშემატკივრებმა გამაფრთხილებელი
აქცია-პერფორმანსი უკვე გამართეს ცარიელ
მოედანზე, სადაც ქუთაისის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდეს,
რომ კრიზისში მყოფი გუნდი გადაარჩინონ.
"ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე
დაყრდნობით
აცხადებდნენ,
რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და
ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.
ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშეა.
ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000
ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო
დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები