იმერეთის ტურისტული ცენტრის
ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, გაზაფხულიდან,
ქუთაისიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის
მიმართულებით რეგულარული რეისები დაინიშნება.
2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ტურიზმის შემაფერხებელ ყველაზე
დიდი პრობლემად სწორედ მუდმივი ტრანსპორტის არარსებობა დასახელდა, რის
გამოც ტურისტებს ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად დამატებითი ხარჯების
გაღება სჭირდებათ.
„მთავარი პრობლემა, რაც დღემდე დგას, არის
ავტობუსების არარსეობა აეროპორტის მიმართულებით, თუმცა, მინდა
დაგარწმუნოთ რომ, დაახლოებით ორ თვეში, ქალაქში იქნება
მუნიციპალური ტრანსპორტი, გვეყოლება იმდენი
(სატრანსპორტო საშუალება), რამდენიც დაგვჭირდება“, - განაცხადა
ტატო ლილუაშვილმა.
იმერეთის ტურიზმის ცენტრმა 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის
მიხედვით, გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა
12-13%-ით იყო გაზრდილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო
ლილუაშვილის თქმით, მცირე ჩავარდნა იყო ზაფხულში, რომელიც ივნისის
მოვლენებს უკავშირდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ პროცესებს ქუთაისი
მნიშვნელოვნად არ დაუზარალებია.
რაც შეეხება ტურისტთა რაოდენობის მიხედვით
ქვეყნების სამეულს, ასე გამოიყურება: გერმანია, პოლონეთი და დიდი
ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები