საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი, გვანცა თოთაძე, საბჭოდან მისი გაწვევის შესახებ, დეპუტატის ალეკო ახალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
გვანცა თოთაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც დეპუტატი დაუპირისპირდა,
მისთვის გაუგებარია.
საბჭოს წევრის გაწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა "სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი", რომელსაც გენდერულ საბჭოში გვანცა თოთაძე წარმოადგენს.
"სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ეხმიანება 27 ნოემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ორგანიზაციის საპატიო გენერალური მდივნისა და კომუნიკაციების მენეჯერის, გვანცა თოთაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და გამოხატავს გაკვირვებას სხდომაზე განხილული თემის გვანცა თოთაძესთან დაკავშირების გამო.
მოგეხსენებათ, გვანცა თოთაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგს" და იგი ორგანიზაციის სახელით მონაწილეობს აღნიშნული საბჭოს მუშაობაში.
ორგანიზაციას გენდერული თანასწორობის საბჭოდან და საბჭოს მუშაობის განმავლობაში არასდროს არ მიუღია, შესაბამისად ამ ეტაპზეც არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, გვანცა თოთაძის, როგორც საბჭოს წევრის რაიმე სახის დარღვევაზე. პირიქით, ორგანიზაცია მის აქტიურობას საბჭოს მუშაობის ფარგლებში მაღალ დონეზე აფასებს.
მეტიც, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" არც განიხილავს გვანცა თოთაძის გენდერულ საბჭოში შეცვლის საკითხს.
რაც შეეხება გვანცა თოთაძის
მოქალაქეობრივ პოზიციას საკრებულოს ზოგიერთი წევრის მოღვაწეობასთან
დაკავშირებით, მას აღნიშნული მოსაზრების გამოთქმის კონსტიტუციური
უფლება გააჩნია და "თაობათა დიალოგი" არც და ვერც დაუშლის მას ჰქონდეს
მოქალაქეობრივი აქტიურობა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ალეკო ახალაძემ საკრებულოს გენდერული
საბჭოდან მისი ერთ-ერთი წევრის, გვანცა თოთაძის გაწვევა იმის გამო
მოითხოვა, რომ გვანცა თოთაძემ "გირჩის" მიერ ორგანიზებული
პერფორმანსი -"ბიძინა ივანიშვილის ხატებით" მსვლელობა არ
გააპროტესტა.
საკრებულოს სხდომაზე, ალეკო ახალაძემ თქვა, რომ გვანცა თოთაძემ,
რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა დეპუტატის, ნანა
კოსტავას წინააღმდეგ მოწყობილ პერფორმანსებში, ხატების შეურაცხყოფაზე
რეაგირება არ მოახდინა და რომ არასამთავრობო სექტორს კონკრეტული
საკითხების მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს.
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ის დეპუტატია, რომელმაც ბლოგერ
სალომე ბარკერს, რომელსაც და ტრაგიკულად
დაეღუპა, ფეისბუქის პირად გვერდზე ნიშნისმოგებით და
სიძულვილის ენით მიმართა. ნანა კოსტავამ ბლოგერს ფრაზა: "კაი
დღეში ხარ ახლა, იცინე", იმის გამო დაუწერა, რომ სალომე
ბარკერმა დის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, სოციალურ ქსელში
ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თითზე გაკეთებული პრეზერვატივით
ჯვარს გამოსახავს.
მომხდარის შემდეგ ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით "ნანა წადი" მოეწყო. საკრებულოს სხდომების მიმდინარეობის პარალელურად, ტარდებოდა პერფორმანსები, რომლის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი გვანცა თოთაძე იყო. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევდნენ, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მორალური უფლება არ ჰქონდა საკრებულოში დარჩენილიყო. ნანა კოსტავას წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის პირობებში, ალეკო ახალაძე ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელიც მას სოლიდარობას უცხადებდა.
პერმამენტული აქციების
მიუხედავად, ნანა კოსტავამ მანდატზე უარი არ თქვა.
საკრებულოში მუშაობას იგი ამ დრომდე აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები