ქუთაისის მერია ცენტრალური
ბულვარის რეკონსტრუქციის თაობაზე დაპირების არშესრულებას,
ესკიზის მიმართ მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებით
ხსნის.
„შარშან, როცა იყო გამოკითხვა, მოსახლეობის უმრავლესობას არ მოეწონა ესკიზი. რადგან, ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის როგორი იქნება მისი ვიზუალი, გადავწყვიტეთ, ისევ ჩავატაროთ გამოკითხვა და თუ მოეწონებათ, მივმართავთ რეგიონალური განვითარების ფონდს დაფინანსების თხოვნით“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ფაქტია, რომ ქუთაისის მერიას
ცენტრალური ბულვარის რეკონსტრქუცია ამ ეტაპზე გეგმაში არ აქვს. ამის
შესახებ ჟურნალისტებთან საფინანსო სამსახურის უფროსმა,
დავით ნიშნიანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის
პროექტში თანხა მხოლოდ შადრევნის რეკონსტრუქციისთვის არის
გათვალისწინებული. ფაქტია ისიც, რომ მერიას არც რგფ-სთვის
მიუმართავს პროექტის დაფინანსების თხოვნით.
აღსანიშნავია, რომ მერიას საზოგადოებისთვის არ უკითხავს აზრი
ისტორიული თეთრი ხიდის რეკონტრუქციის დროს. ხიდს სარემონტო სამუშაოები
ისე ჩაუტარდა, რომ პროექტზე ტენდერიც არ გამოცხადებულა. პროექტი
არათუ ფართო საზოგადოებას, არამედ, სპეციალისტებსაც არ უნახავთ.
ცენტრალური
ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის ზაფხულში
დააანონსა. ბულვარის
საბოლოო ესკიზის შერჩევა
საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე
სხვადასხვა ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო
ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე
ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს
შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი ფერისა და ფორმის
ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ,
მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა
ვერ მოხდა.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171 წლისაა და
ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელ
ამიერკავკასიაში.
ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა სარეკონსტრუქციო
სამუშაოები, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია
აღარ ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები