ქუთაისში საკანცელარიო და სასკოლო ნივთებზე ფასების მომატების თაობაზე, როგორც მაღაზიებში, ასევე საკანცელარიო ნივთების ბაზარზე საუბრობენ.
როგორც საკანცელარიო ნივთების ბაზარზე მოვაჭრეები ამბობენ, საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ღირებულებამ 10 % - ით მოიმატა.
"გასულ წელს 12 ფურცლიანი რვეული 0,30 თეთრი ღირდა, წელს კი ასეთივე რვეული 0,40 - 0,50 თეთრი ღირს, სხვა დანარჩენ საკანცელარიო ნივთებზეც ასეა, ყველაფერი უფრო ძვირია წელს," - ამბობს ქუთაისში, "ბავშვთა სამყაროს" შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანცელარიო ნივთებზე მოვაჭრე ნანა ნაჭყეპია.
მოვაჭრეების მსგავსად, ფასების მატებას ასევე საკანცელარიო მაღაზიებშიც ადასტურებენ. როგორც ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მაღაზია "ბიბლუსში" განმარტავენ, საკანცელარიო, თუ სასკოლო ნივთების ღირებულება გაზრდილია.
ქუთაისში საკანცელარიო ნივთებსა და სასკოლო ინვენტარზე ფასების ზრდას, ადგილობრივი მოვაჭრეები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.
როგორც ადგილობრივი მოვაჭრეები ამბობენ, ფასი მომატებულია ყველა იმ საკანცელარიო ნივთზე, რომელსაც საკანცელარიო მაღაზიების წარმომადგენლები საზღვარგარეთ, დოლარში ყიდულობენ.
ქუთაისში მყოფი მოვაჭრეების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ლარი კვლავ გაუფასურებას განაგრძობს, ახალი სასწავლო წლისთვის განკუთვნილი პროდუქციის ფასი კიდევ უფრო გაძვირდება.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები