ვანის რაიონის სოფელ სულორში მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
ერთი კვირის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მათ საცხოვრებელ სახლს
საძირკველი გამოაცალა.
,,სამი თვის წინ, როდესაც სტიქიის შედეგად დვალიშვილების საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ოჯახი მთავრობის მიერ გამოყოფილ ბინაში გადავიდა. სამწუხაროდ, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ოთხი წლის შემდეგ სოციალურებს გადაამოწმებენ ხოლმე. ამის გამო დვალიშვილებს დახმარება დროებით შეუჩერდათ. მათთან რომ მივედი, დიასახლისმა ტირილი დაიწყო, სოციალური შეგვიჩერეს და მშივრები ვართო. ამის შემდეგ ჩემთან გადმოვიყვანე. მართალია დღეს ოჯახმა სოციალური დახმარება აღიდგინა, მაგრამ მას 22 სექტემბრამდე ვერ აიღებენ. მართლა საშინელ მდგომარეობაში არიან", - ამბობს მეზობელი.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად
დაზარალებულთა დახმარება მათ არცერთ პროგრამაში არ ჯდება. მერიამ
დვალიშვილების ოჯახის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროში, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების კომისიას გადაუგზავნა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში იმედს გამოთქვამენ, რომ კომისია
დვალიშვილებს დახმარებას გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები