საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე
საქართველოში“ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან ახალ პროგრამას
„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის
ხელშეწყობისთვის“ განახორციელებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.
"აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში," - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომრებს.
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები